დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გეგმავს. მისი სიტყვებით, ეს მისთვის დიდი რეპუტაციული ტვირთია, თუმცა ამ ტვირთის ტარება ურჩევნია.
„მოცემულობა გაცილებით უკეთესი უნდა იყოს გარეთ, იმისათვის, რომ ადამიანმა მხოლოდ საკუთარი თავმოყვარეობა გახადო გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად. მე მესმის, რომ ძალიან დიდი რეპუტაციული ტვირთია, როდესაც შენ ამით რჩები, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჯობია ატარო ეს რეპუტაციული ტვირთი, ვიდრე არ იფიქრო იმაზე, თუ ვის უტოვებ ქვეყანას საბოლოო ჯამში და იმედი მომეცემა, რომ ამას გაიგებს ყველა, ვინც წავიდა, მათაც მოვუწოდებ, შეიძლება არასოდეს არ იყოს გვიან გადაწყვეტილების შეცვლა“, - ამბობს რომან კაკულია.
14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ წევრი იყო, დანარჩენი დეპუტატები კი, ფრაქცია „ქართული ოცნების“.
15 ნოემბერს უმრავლესობა დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა, ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ.
უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.
პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.