Accessibility links

site logo site logo

ალ ბარა შიშანის უკრაინაში დაკავებას სუსი  ეხმაურება


სუსის განცხადებით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოსთან თანამშრომლობით, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი (ალ ბარა შიშანი) კიევში დააკავა.

სუსის კონტრტერორისტული ცენტრის ცნობით, 2014 წელს ცეზარ ტოხოსაშვილი სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამთავრობო ძალების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

როგორც სუსი იტყობინება, 2015 წელს ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში გაწევრიანდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან.

2019 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა პარასკევს გაავრცელა ცნობა, რომ დააკავა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, პენტაგონის მიერ დაჯგუფების „ომის მინისტრად“ წოდებული საქართველოს მოქალაქის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იმავე თარხან ბათირაშვილის მოადგილე ალ ბარა შიშანი.

ცნობაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქე ალ ბარა შიშანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად განხორციელებული ოპერაციის შედეგად იქნა დაკავებული.

„პორტრეტის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული უცხოელი მართლაც არის „ისლამური სახელმწიფოს" ძებნილი ლიდერი,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG