Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის პარალელურად "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარეობს უმრავლესობის სხდომა   


„ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე უმრავლესობის სხდომის პარალელურად, გარეთ ამ დრომდე შეკრებილი არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებსაც პოლიცია არ აძლევს საშუალებას მიუახლოვდნენ იმ ტერიტორიას, საიდანაც უმრავლესობის წევრები შენობაში შედიან.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარლამენტის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდებას.

პოლიციის რაოდენობა ბოლო ერთ საათში თითქმის გასამმაგდა. აქციის მონაწილეები გადაჰყავთ იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი ვერ მიუახლოვდებიან უმრავლესობის წევრებს. მთლიანი შენობა გარშემორტყმულია სამართალდამცველებით და აქციის მონაწილეები ვერ ახერხებენ ოფისის შესასვლელებთან მისვლას.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დისკომფორტი უნდა შეუქმნან უმრავლესობის წევრებს. „სირცხვილი“, „თქვენ მოატყუეთ ხალხი“, „მონებო“, „წადით“ - ამ შეძახილებით აცილებდნენ აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისში შემავალ უმრავლესობის წევრებს.

უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG