Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ აქციების ფონზე "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს 


გვქონდა შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში, გავარჩიეთ ის, რაც მოხდა ამ გასული დღეების განმავლობაში, ეს იყო ერთ-ერთ მთავარი თემა, ასევე გვქონდა საუბარი გეგმებზე, საპარლამენტო დღის წესრიგზე, საპარლამენტო თანამდებობებზე არ ყოფილა საუბარი“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ განიხილება ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვარიანტი, მან ასევე ანიშნა, რომ ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი საქართველოს საკონსტიტუციო კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაშია და, შესაბამისად, ვერ განხორციელდება.

„გერმანულ მოდელზე 2016 წელსაც იყო საუბარი. არ არის თავსებადი კონსტიტუციასთან“, - განაცხადა მან. ირაკლი კობახიძის სიტყვებით, ეს მოთხოვნა სპეკულაციაა, თუმცა „ოპოზიციამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ვერ შეჯერდნენ და ახლა ამაზე საუბრობენ“.

ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს ურჩია, არჩევნებისთვის მოემზადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას უწყობენ ხელს, ვინაიდან სანამ ოპონენტები რადიკალურ გეგმებზე ფიქრობენ, „ქართული ოცნება სოფელ-სოფელ ხვდება საზოგადოებას“, ისმენს მათ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და მათი მოგვარების გზებზე ფიქრობს. „და ეს გვიმყარებს რწმენას, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავდნენ მმართველი პარტიის ოფისის წინ. ირაკლი კობახიძემ მათი მოთხოვნების კომენტირებისას განაცხადა, რომ იყო შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ძირითადად წარმოადგენდა „პარტაქტივს“ და იყო რამდენიმე ათეული პოლიციელი „რაც საკმაოდ ნორმალურია“.

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან წასულ თანაგუნდელებზე თქვა, რომ ისინიც გახდნენ „პარტიული აქტივი“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი პარტიის აქტივს გულისხმობდა.

სხდომის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბნენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აპროტესტებენ პარლამენტის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდებას.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დისკომფორტი უნდა შეუქმნან უმრავლესობის წევრებს. "სირცხვილი", "თქვენ მოატყუეთ ხალხი", "მონებო" "წადით" - ამ შეძახილებით აცილებდნენ ისინი "ქართული ოცნების" ოფისში შესულ უმრავლესობის წევრებს.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცეს, მიახლოებოდნენ იმ ტერიტორიას, საიდანაც უმრავლესობის წევრებმა დატოვეს შენობა. "ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის უფროსიც.

14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ.

15 ნოემბერს უმრავლესობა დატოვეს „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა - ნინო გოგუაძემ, ზვიად ძიძიგურმა და გიგა ბუკიამ.

ჯამში, ამ დროისთვის უმრავლესობას გამოაკლდა 12 დეპუტატი.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG