Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო "თავისუფლების მონიტორის" გამოძიებას ეხმაურება


თავდაცვის სამინისტრო ჯარში კვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა „თავისუფლების მონიტორის“ ახალი ჟურნალისტური გამოძიება.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები მოიხმარს I კატეგორიის გაყინულ საქონლის ხორცს, როგორც განსაზღვრულია კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში, 2019 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა მაკონტროლებელმა ორგანოებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი. შესაბამისად, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. ამასთან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის უმაღლესი კატეგორიის ხორცით კვება; ასევე ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის, ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

„რაც შეეხება ბოლო პერიოდში აღმოჩენილ ხარისხის პრობლემებს, სამინისტრო ელოდება ექსპერტიზის პასუხს გადაგზავნილი პროდუქციის ნიმუშებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, სამინისტრო გამოიყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ ყველა უფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ჯარი უხარისხო ხორცით იკვებება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ ქართული ნედლი ხორცი უკრაინული გაყინული ხორცით ჩაანაცვლა, რითაც ქართველმა მეწარმეებმა რამდენიმე მილიონი ლარი დაკარგეს. გაყინული ხორცის ჯარისთვის მიმწოდებელ კომპანიას კი „ქართულ ოცნებასთან“ აქვს კავშირები. „თავისუფლების მონიტორს“ ჯარის სამზარეულოდან წყარომ მოაწოდა ფოტოები, სადაც უხარისხო ხორცია ასახული. „თავისუფლების მონიტორის“ გამოძიებამ ასევე აჩვენა იმპორტის ლობის ინტერესები და ხარვეზები ჯარის საკვების ხარისხის კონტროლში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG