Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი პარლამენტში არ შეუშვეს


პარლამენტის შენობის პირველი სართული
პარლამენტის შენობის პირველი სართული

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შენობაში არ შეუშვეს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ დეპუტატი გია ჟორჟოლიანიც. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარლამენტში მივიდა საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტის შესატანად.

„გამოსავალი არის შემდეგი, ხელახლა უნდა შევიტანოთ საკონსტიტუციო ცვლილება. ეს მოესწრება 2020 წლისთვის. მოვედი იმისთვის, რომ ახალი საკონსტიტუცო ცვლილება შევიტანოთ და მიიღოს პარლამენტმა პროპორციული არჩევნები“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები რევაზ არველაძე და მერაბ ქვარაიაც.

სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელებთან კარვები აქვთ გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება. დღეს 15 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომაა დანიშნული.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნებით.

XS
SM
MD
LG