საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილ პოლიტიკურ ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს მიმართა, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.
შსს-ს მიერ დღეს, 18 ნოემბერს, გავრცელებული განცხადების თანახმად, „17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე მთელი ღამის განმავლობაში პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. ამასთან, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ, მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა. კერძოდ, შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელის შეშლისკენ“.
შსს-ს განცხადებით, მისი „არაერთი მოწოდების და გაფრთხილების მიუხედავად, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება“.
„პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს მიმართავს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში კი, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
მეხუთე დღეა, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია. პარლამენტის შესასვლელებთან კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება.
14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.
პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნებით.