ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ინფორმირებულმა წყარომ: „მოვიკითხე ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავი. მან თქვა, რომ წინასწარ განზრახვით გააკეთა ეს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. მან სწორედ ეს დაწერა განმარტებაში. დანარჩენი ყველაფერი ნორმალურადაა, მას არავინ ეხება. როგორც გავარკვიეთ, კარგი და ცნობილი ექიმია, მაგრამ არ გვესმის, რას მიძვრებოდა პოლიტიკაში. ალბათ, 2-3 კვირაში გამოუშვებენ, უფრო ადრე არ მგონია“.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხერხდება. ამის შესახებ 17 ნოემბერს განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.
ხვალ, 19 ნოემბერს, ცხინვალში ჩადიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ექიმის გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრებენ.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა იქაური პაციენტების დასახმარებლად, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.
ცხინვალის იზოლატორიდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც.