Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყლის ჭავლი და მრავალრიცხოვანი სპეცრაზმი: იურისტების შეფასებები


პარლამენტის შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია, მას შეუფერხებლად შეუძლია განაგრძოს საქმიანობა, - ამცნო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას 18 ნოემბერის საღამოს.

უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს პიკეტირების მასშტაბების, საპოლიციო ძალებისა მოქმედების სამართლებრივი ჩარჩოების, ვითარების ესკალაციის მიზეზებისა და სხვა საკითხების შესახებ რადიო თავისუფლება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე იურისტებს ესაუბრა.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი, იურისტი გიორგი ჩიტიძე:

„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ შეკრებილები ბევრად ნაკლებნი იყვნენ, ვიდრე გამოყენებული ძალა. ზოგადად, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მიხედვით, შენობების ბლოკირება, არის უკანონო ქმედება. შემდეგ, რაც ვნახეთ, წყლის ჭავლი იყო გამოყენებული. პრობლემურად შეიძლება აღვიქვათ ის, რომ აქციის მონაწილეები გაწიეს თავისუფლების მეტროსკენ და იმაზე დიდხანს დააყოვნეს, ვიდრე საჭირო იყო. შემდეგ ამ ადამიანებს უკან დაბრუნებისა და აქციის გამართვის საშუალება მისცეს.

საბოლოო ჯამში, ვერ ვიტყვი, რომ ეს ისეთივე ბრუტალური და უკანონო ქმედება იყო, როგორც 20-21 ივნისის აქციების შემთხვევაში. ივნისის აქციების დროს არც შეტყობინება ყოფილა და პირდაპირ ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ამჯერად ბევრად პროპორციული ძალა იყო გამოყენებული. თუმცა სპეცრაზმელების რაოდენობა და ამ ადამიანების დაყოვნება, შეიძლება, პრობლემურად ჩაითვალოს.

შეიძლება პოლიტიკური მიზანი, სწორედ, ძალის დემონსტრირება იყო, იმიტომ, რომ ბევრად ნაკლები სპეცრაზმელით თუ პოლიციელით შეეძლოთ იგივე შედეგის მიღწევა.

რაც შეეხება საბაბს, ერთადერთი ეს იყო შენობების ბლოკირება, რაზეც სახალხო დამცველმა თქვა და არც არავის უარყუვია, რომ ფორმალურად ეს იყო კანონდარღვევა. თუმცა აბსოლუტურად ვიზიარებ იმას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ მათ, ვინც ეს გამოიწვია. წმინდა სამართლებრივად თუ გავყვებით, ცალკე აღებული შენობის ბლოკირება გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, სახელმწიფოს ჰქონდა მიზეზი, რომ ეს ვითარება შეეცვალა“.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე:

„პოლიცია სანამ შეკრება-მანიფესტაციის დაშლას დაიწყებდა, ჩვენ გავავრცელეთ განცხადება და ხელისუფლებას მოვუწოდეთ, მაქსიმალურად შეეკავებინა თავი ძალისმიერი მეთოდით, ძალის გამოყენებით მანიფესტაციის დასაშლელად. ვიწრო გაგებით, კანონში მართლაც ასეა - იყო კანონისმიერი საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ დაეშალათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და არ ითვალისწინებს იმ კონტექსტს, რომელშიც ყველა ერთად ვიმყოფებით.

აბსოლუტურად ვიზიარებ სახალხო დამცველის შეფასებას - ხელისუფლება, რომელმაც მოქალაქეებს წაართვა უფლება, მათი წარმომადგენლები შესულიყვნენ პარლამენტში, არ უნდა იყენებდეს საპოლიციო ძალას იმის გამო, რომ შემდგომ თავად ეს მოქალაქეები პარლამენტის წევრებს სამუშაო ოთახებში ერთი დღით არ უშვებენ.

ჩვენ რეალურად ვხედავთ იმას, რომ ხელისუფლება გვეუბნება: მთავარია, არ დათმონ ძალაუფლება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ - გამოიყენებენ ძალას, არ შეცვლიან უსამართლო საარჩევნო სისტემას, მათ შორის, ხალხს რასაც დაჰპირდნენ.

ცუდია, როდესაც ხელისუფლება დიალოგის ნაცვლად ირჩევს დაპირისპირებას.

ხელისუფლება, რომელსაც აქვს მაღალი პოლიტიკური კულტურა, ცდილობს, რომ ნებისმიერი კრიზისი გადაწყვიტოს, სწორედ, პოლიტიკური დისკუსიის, მსჯელობის და განსჯის შედეგად. იმ ადამიანებს, ვისაც პოლიტიკა ნაკლებად ესმით, შეიძლება, სისუსტედ მიაჩნიათ, რომ ოპონენტებს ესაუბრონ, ან კომპრომისისა და კონსენსუსის გზით მართონ სახელმწიფო.

ჩვენ ვიცით, რომ რეალურად ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას იღებს არა პოლიტიკოსი, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელიც უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი. მას როდესაც მსგავსი ამოცანები უდგას, წყვეტს ისე, როგორც ამას ბიზნესმენი გადაწყვეტდა. პრობლემის მოგვარებას ავალებს „დაცვის სამსახურს“. რეალურად შსს მის დაცვის სამსახურად არის ქცეული, როდესაც მსგავს საკითხებზე მიდგება საქმე“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე:

„ჩვენ დილითვე გვქონდა ამის შესახებ განცხადება. მართალია, პიკეტირება საქართველოს კანონმდებლობით სამართალდარღვევად მიიჩნევა, თუმცა პროტესტის ეს ფორმა იყო მშვიდობიანი და არ ყოფილა ძალადობრივი. აქციის მონაწილეები რჩებოდნენ პასიური პროტესტის რეჟიმში. ასეთ დროს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება არ იყო გამართლებული და ამის შესახებ ხელისუფლებას დილითვე ვეუბნებოდით.

შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ის კრიზისი, რომელიც შექმნილია, მათი მოქმედებით არის გამოწვეული.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოხატვა [ბიუროს სხდომაზე გაწყვეტილი ჯაჭვისა და ბოქლომის მიტანა], კონკრეტული ქცევა, რა თქმა უნდა, არის იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვუყურებთ: ხელისუფლება არ რეაგირებს რეალურ პრობლემებზე და კრიზისი უფრო და უფრო მწვავე ფაზაში შედის, რაზეც პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ამასთან, მისი დამოკიდებულება, მათ შორის, გამოხატვის ფორმა, რომელიც შესაძლოა, ცინიკურიც კი იყოს ამ რეალობაში, რა თქმა უნდა, მიუღებელი და გაუმართლებელია“.

18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა 16:00 საათის შემდეგ დაიწყო. მომიტინგეები დეპუტატებს პარლამენტის შენობაში შესვლის და ბიუროს სხდომაზე დასწრების საშუალებას არ აძლევდნენ. საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით აქცია დაშალეს, პარლამენტის შენობაში ბიუროს სხდომა ჩატარდა.

შსს-ს ცნობით, აქციის დაშლის დროს დააკავეს 37 პირი, დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

პარლამენტთან მიტინგი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ჩავარდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ისახავდა მიზნად.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG