დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 14 ნოემბერს განაცხადა, საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდებით გამოწვეული შედეგების შესახებ.
ჩუგოშვილს ნაკლებად ჰგონია, რომ ქვეყანაში პოლიტიკოსებს შორის შეთანხმების მიღწევის სივრცე არსებობს, რაც ჩუგოშვილის თქმით, ვითარებას უფრო დაძაბავს. ის დარწმუნებულია, რომ არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება.
„როგორც კი არჩევნები ჩატარდება, კიდევ უფრო დამძიმდება პროცესები. იმიტომ, რომ, როგორც კი არჩევნები ჩატარდება, ძალაში შევა პროპორციული სისტემა. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დარჩება თამაშს მიღმა, ან პარლამენტში არაპროპორციულად იქნება წარმოდგენილი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გამოიწვიოს ვადამდელი არჩევნები. მუდმივად ამ რყევებში ვიქნებით ჩვენ, წლების განმავლობაში. ამიტომ ეს რყევები გავლენას ახდენს იმაზე, ლარის კურსი რამდენი იქნება, ვალუტა როგორია, ეკონომიკა, როგორ მიდის, სამუშაო ადგილები, როგორი იქნება, ჯანდაცვა, როგორია და ა.შ.“ - ამბობს ჩუგოშვილი „ტვ პირველის" ეთერში.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ამბობს, რომ დარწმუნებული იყო, პარლამენტი 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას მხარს დაუჭერდა.
„არ მეგონა მიამიტი თუ ვიყავი, მაგრამ ბოლო წამამდე ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს ცვლილება გავიდოდა. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ, როდესაც ტაბლოზე კენჭისყრის შედეგები დაიწერა, რაღაც დროის განმავლობაში მეგონა, შეცდომა იყო. მეგონა, რომ ხელახალი კენჭისყრა ჩატარდებოდა. უბრალოდ ვერ ვიჯერებდი ამას.
ამ თემაზე ჩატარდა უმრავლესობის ორი სხდომა. ორივე სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა პოზიცია, რომ პირობა გვაქვს დადებული და ის უნდა შესრულდეს. მე უბრალოდ ვერ დავუშვი, რომ მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლებოდა ასეთი შედეგი დამდგარიყო“, - თქვა თამარ ჩუგოშვილი.
დეპუტატი დეტალების შესახებ საუბრისგან თავს იკავებს.
„მე არ მინდა იმის ძიება, ეს ჩავარდა თუ ჩააგდეს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. შედეგი დადგა, რომელიც დამაზიანებელია. ორი დღის განმავლობაში მე და ჩემი მეგობრები უმრავლესობის სხდომებზე ვამბობდით, რომ თუ ჩავარდებოდა ეს გადაწყვეტილება, ჩვენ წავიდოდით“, - აღნიშნავს ჩუგოშვილი.