Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი გედევან ფოფხაძე "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს


გედევან ფოფხაძემ
გედევან ფოფხაძემ

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ტოვებს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს.

ფოფხაძემ გადაწყვეტილება ამ კომიტეტის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დღევანდელ, ერთობლივ სხდომაზე გამოაცხადა და „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა: „უკვე მეორე თვეა კომიტეტის აპარატი მე მაჯარიმებს კომიტეტის სხდომების გაცდენის გამო, რაც მიმაჩნია, რომ არის რეგლამენტის დისკრიმინაციული მუხლის შედეგიც. გარდა ამისა, ვაფიქსირებ, რომ მიმაჩნია ჩემს პოლიტიკური დევნის ფორმად „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამიტომ შეუძლებლად ვთვლი კომიტეტის მუშაობაში შემდგომი მონაწილეობა მივიღო. მე აუცილებლად მივმართავ ბიუროს და ოფიციალურად დავტოვებ კომიტეტს“.

გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათი „პოლიტიკური ძალა არის ყოვლად სულმდაბალი და მორალს დაცლილი“. ამ განცხადების შემდეგ გედევან ფოფხაძემ სხდომა დატოვა და აღარ მოუსმინა უმრავლესობის წევრების პასუხს.

„ნამდვილად ვერ მივიღებ იმ შენიშვნას და კონტექსტს, რაც განათლების კომიტეტის აპარატის მიმართ იყო წარდგენილი“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა. მისი შეფასებით, განათლების კომიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა ოპოზიციის და უმრავლესობის წარმომადგენლების კონსოლიდაციით.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა გედევან ფოფხაძის გამოსვლას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ სხდომების გაცდენის გამო აპარატმა სხვა დეპუტატებიც დააჯარიმა.

XS
SM
MD
LG