Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტები პოლიციელთა სიტყვისა და საბჭოთა კოდექსის პირისპირ


ხელისუფლება ძალის გამოყენებით შლის ანტისამთავრობო აქციას თბილისში. 18 ნოემბერი, 2019.
ხელისუფლება ძალის გამოყენებით შლის ანტისამთავრობო აქციას თბილისში. 18 ნოემბერი, 2019.

ბრალდებული: იქედან რომ წამოვედით და მერიოტსა და ალექსანდროვის ბაღს შორის ჩავიარეთ, მანდ რამე ინციდენტისთვის ხომ არ მოგიკრავთ თვალი?

სამართალდამცველი: არა.

ბრალდებული: განყოფილებამდე მისვლამდე ხომ არ მომხდარა რამე ინციდენტი?

სამართალდამცველი: არ მახსოვს. გარეთ არ ვიყურებოდი.

ბრალდებული: თქვენ საჭესთან იჯექით? ჩემთან ერთად იჯექით უკან?

სამართალდამცველი: საჭესთან არ ვიჯექი.

ბრალდებული: მერიოტისა და ბაღს შორის არ ჩაგვივლია. კრიმინალური პოლიციის მანქანას დაეჯახა ტაქსი და ეს თუ არ არის ინციდენტი, მაშინ რაღა არის?! მეტი კითხვა არ მაქვს. რომ იცოდეთ, ავარიაში მოვყევით.

ეს დიალოგი თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ სხდომიდანაა, რომელზეც 18 ნოემბრის ანტისამთავრობო აქციის დაშლისას დაკავებული 37-დან 10 აქტივისტს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ორს - ჯარიმა და სიტყვიერი გაფრთხილება. 25 განაჩენი ჯერ კიდევ გამოსატანია.

უფლებადამცველები, რომელიც დაახლოებით 12-საათიან სასამართლო სხდომებს აკვირდებოდნენ, მნიშვნელოვან დარღვევებსა და პრობლემებზე მიუთითებენ. ესაა საბჭოთა კოდექსი, მტკიცებულებების არარსებობა და გაჭიანურებული პროცესი, რაც, მათი აზრით, მასობრივი დაკავებების დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ჯაჭვს ქმნის.

1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საბჭოთა კოდექსის რეფორმა არაერთხელ დაიწყო, თუმცა ბოლომდე არასდროს მისულა. ზოგიერთი იურისტი ფიქრობს, რომ კოდექსს ხელისუფლება მიზანმიმართულად არ ცვლის, რათა აქციების დროს ადამიანების მასობრივად დაკავებისთვის ფორმალური საფუძველი ჰქონდეს.

დაკავების საფუძვლები

უფლებადამცველების შეფასებით, აქტივისტები დაახლოებით 30 საათის განმავლობაში უკანონოდ იყვნენ დაკავებული.

ნონა ქურდოვანიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი და რამდენიმე ბრალდებულის ინტერესების დამცველი - რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პოლიციამ ადგილზე ოქმი ვერ შეადგინა და აქტივისტები სხვაგან გადაიყვანა და ამას პოლიციელები თავად წერენ ოქმებში.

ქურდოვანიძის განმარტებით, როგორც კი განყოფილებაში ოქმის შედგენის შესაძლებლობა გაჩნდა - რასაც მაქსიმუმ 1 საათი სჭირდება - დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინათ.

„პოლიცია შერჩევითად აკავებდა აქტივისტებს, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე და აგრძელებს, - მსგავსად იქცეოდნენ აქციის სხვა მონაწილეებიც. მაშინ რატომ არ არის ყველას მიმართ დაწყებული სამართალწარმოება?!“

ხელისუფლება ძალის გამოყენებით შლის ანტისამთავრობო აქციას თბილისში. 18 ნოემბერი, 2019.
ხელისუფლება ძალის გამოყენებით შლის ანტისამთავრობო აქციას თბილისში. 18 ნოემბერი, 2019.

გამოხატვის თავისუფლება თუ სამართალდარღვევა

დაკავებულ აქტივისტებს ედავებიან წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას, რაც საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა გათვალისწინებული.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ პოლიცია წლებია, წვრილმან ხულიგნობაზე ოქმებში ერთსა და იმავეს წერს - მაგალითად, „უმისამართოდ ილანძღებოდა“; „უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა“; „არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“.

რაში გამოიხატებოდა წვრილმანი ხულიგნობა 18 ნოემბერს? ეს კითხვა სასამართლო პროცესზე ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ დასვა:

პოლიციელი: ლანძღვა-გინება, როგორც წერია ოქმში.

მშვენიერაძე: როგორ ილანძღებოდა, ვის ლანძღავდა?

პოლიციელი: ზოგადად ილანძღებოდა. ზოგადად უწმაწურ სიტყვებს ამბობდა.

მშვენიერაძე: რა არის უწმაწური სიტყვა?

პოლიციელი: ხომ არ ვიტყვი აქ? შეურაცხმყოფელი სიტყვები. გასაგებია, რაც არის.

მშვენიერაძე: ჩვენ ვართ სასამართლოზე, სადაც ჩვენთვის შეიძლება არ იყოს უწმაწური ის, რაც თქვენთვის არის.

პოლიციელი: შეიძლება, მაგრამ ამ სიტყვებს ვერ გავიმეორებ.

მშვენიერაძე: „თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან!!!… ჩემს იქით პარიზია…“ ეს არის ციტატა ტიციან ტაბიძის ლექსიდან. [ლექსს] „დადა მანიფესტი“ ჰქვია. ახლა მე თუ ლექსს ვყვები, არ ნიშნავს, რომ ვიგინები და უხამსობას ჩავდივარ.

პოლიციელი: როდესაც რუსთაველზე აქციაა, არა მგონია ლექსით ესაუბრა. მე ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს… ზოგადად, უმისამართოდ იგინებოდა.

იურისტი ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ პოლიცია ზღვარს ვერ ავლებს, კონკრეტული სიტყვები გამოხატვის თავისუფლებაა თუ სამართალდარღვევა:

„მაგალითად, შეძახილი „მონებო“ - ამგვარი გამოხატვა დემონსტრაციის დროს ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ ეს არაა წვრილმანი ხულიგნობა და ამ მუხლით ადამიანის დაკავება მიუღებელია“.

სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის დროს - ქურდოვანიძის განმარტებით - ცალსახა უნდა იყოს პოლიციის მოწოდება უკანონო ქმედების შეწყვეტისკენ. ქურდოვანიძის თქმით, პოლიციელი, როგორც წესი, ოქმებში არ წერს, რა იყო მისი კანონიერი მოთხოვნა ან რატომ იყო ის კანონიერი:

სპეცრაზმის წინ დგომა არ შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად.
ნონა ქურდოვანიძე

„სპეცრაზმის წინ დგომა არ შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად. როდესაც ეს ადამიანები არაფერს კანონსაწინააღმდეგოს არ აკეთებდნენ. არც ძალადობდნენ, არ აგინებდნენ ვიღაცას. ასეთი მომენტებიც არის, რომ შეიძლება ბევრი ხალხი იყოს ადგილზე და ადამიანი ხალხის მასის გამო ვერ გამოდიოდეს იქიდან“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორივე - 166-ე და 173-ე - მუხლის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს. სულ გასაჩივრებულია კოდექსის 8 მუხლი, მათ შორის, ჩანაწერი მტკიცების სტანდარტზე, პატიმრობის გამოყენებაზე.

“პოლიციელი ყოველთვის მართალია”

საპატრულო პოლიცია აღჭურვილია სამხრე კამერით, რასაც ერთადერთი დანიშნულება აქვს: როცა პოლიციელი ხედავს, ან ვარაუდობს, რომ უნდა მოხდეს სამართალდარღვევა, ის ვალდებულია კამერა ჩართოს და შექმნას მტკიცებულება, რომ ადამიანმა დაარღვია კანონი.

18 ნოემბერს დაკავებულთა არც ერთ საქმეში - როგორც დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ - არ იყო წარმოდგენილი სამხრე კამერების ჩანაწერები. 20 ნოემბრის სხდომაზე ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ დაძაბული სიტუაციის გამო კამერის ჩართვა ვერ შეძლო, რაზეც ადვოკატმა უპასუხა, ყველა სამართალდარღვევა დაძაბულიაო… კამერის ჩანაწერი მოიკითხა ერთ-ერთმა ბრალდებულმაც:

ბრალდებული: სამხრე კამერა ჩართული გქონდათ?

პოლიციელი: არ მქონდა ჩართული და მანქანაში რომ ჩავსხედით, მაშინ მოვახერხე.

ბრალდებული: ამ დროს სხვა ვინმე იღებდა ამ სიტუაციას?

პოლიციელი: ვერ გეტყვით.

ბრალდებული: და თქვენ რატომ არ გქონდათ სამხრე კამერა ჩართული?

პოლიციელი: ქაოსიდან გამომდინარე ვერ მოვახერხე.

ბრალდებული: მაგ კამერის დანიშნულება რა არის?

პოლიციელი: ზოგადად რომ გადაიღო, რაც ზოგადად ხდება… ზოგჯერ არის მომენტი, რომ ვერ მოახერხო კამერის ჩართვა, ან შეხედავ მერე და არ არის ჩართული.

ბრალდებული:- ანუ მტკიცებულება არ არსებობს?

პოლიციელი: რას ჰქვია არ არსებობს?! ჩემს გარდა იქ ძალიან ბევრი პოლიციელი იყო.

ბრალდებული: ვინ დაადასტურებს?

პოლიციელი:საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ, სპეცრაზმი იყო. სახეებზე ვერავის დავიმახსოვრებდი, მაგრამ კონკრეტულად ის ადამიანები იქ იყვნენ.

ბრალდებული: რით შეგიძლიათ თქვენი არგუმენტი გაამყაროთ?

პოლიციელი: რა ვიცი, წეღანაც აგიხსენით, ვარ პოლიციის წარმომადგენელი, ვიცავ საზოგადოებრივ წესრიგს… ასე ტყუილად არ მიხვალ პოლიციელი და არავის დაადებ ბორკილებს, თუ არ არღვევენ წესრიგს.

ბრალდებული: მეწყვილესთან ერთად იყავით?

პოლიციელი: ჩემი მეწყვილე ავტომობილს მართავდა.

საქმეებში, ზოგიერთ შემთხვევაში, წარმოდგენილი იყო მედიის მიერ გადაღებული ვიდეომასალა. ერთ შემთხვევაში პოლიციელმა სასამართლო დარბაზში თქვა, რომ მის მიერ წარდგენილი ვიდეომტკიცებულება თავადაც არ ჰქონდა ნანახი.

„ერთ ვიდეოში ჩანს, რომ [ბრალდებული აქტივისტი] ზუკა ბერძენიშვილი ზის ქუჩაში დროშამოხვეული და უსტვენს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი გიორგი მშვენიერაძე, - და მეორე შემთხვევა, როცა ის სპეცრაზმის წინ დგას და უსტვენს“.

ასე ტყუილად არ მიხვალ პოლიციელი და არავის დაადებ ბორკილებს, თუ არ არღვევენ წესრიგს.
პოლიციელი

მშვენიერაძის თქმით, ამ ვიდეოებით სურდა ბრალდებას დაემტკიცებინა, რომ ბერძენიშვილი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა. მისივე თქმით, ბრალდებამ ვერ წარადგინა მტკიცებულება, თუ რა საჭირო იყო ბერძენიშვილის დაკავება, ან ვინ მოუწოდა მას ადგილის დატოვებისკენ.

„ზუკა ბერძენიშვილის დაკავების ოქმში წერია, რომ ის ბლოკავდა პარლამენტის შესასვლელს. ამ ვიდეოებით კი დგინდებოდა, რომ ის საერთოდ არ იყო პარლამენტის შესასვლელთან“, - ამბობს მშვენიერაძე და აგრძელებს: „ზოგ ოქმში აღწერილიც კი არ იყო, რა სამართალდარღვევა ჩაიდინა ადამიანმა. უბრალოდ ეწერა, რომ პირი არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას - სად, როდის, რა მოთხოვნა იყო, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა“.

ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რომ ქართული სასამართლოს სტანდარტით, პოლიციელი სიმართლეს ამბობს, და თუ ასე არაა, დაცვის მხარე ვალდებულია დაამტკიცოს საპირისპირო. მისი შეფასებით, ეს ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს სტანდარტებსა და საქართველოს კონსტიტუციას:

„მოსამართლე არ უშვებს, რომ შესაძლოა პოლიციამ მოიტყუოს. ასეთი „მიამიტობა“ მოსამართლის მხრიდან, რომ პოლიციელი ყოველთვის მართალია, არ ვიცი, რაში ჯდება“, - ამბობს ქურდოვანიძე.

ხელისუფლება ძალის გამოყენებით შლის ანტისამთავრობო აქციას თბილისში. 18 ნოემბერი, 2019.
ხელისუფლება ძალის გამოყენებით შლის ანტისამთავრობო აქციას თბილისში. 18 ნოემბერი, 2019.

წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში საქმის წარმოება თორმეტივე ბრალდებულის მიმართ შეწყდა. სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობისათვის 10 ადამიანს 4-13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთი დაჯარიმდა 1 000 ლარით, ერთს კი მიეცა სიტყვიერი შენიშვნა.

გაჭიანურებული პროცესი თუ ზეწოლა სასამართლოზე

დემონსტრაციის დაშლის დროს დაკავებული 37-ვე აქტივისტის საქმის განხილვა ერთ მოსამართლეს ვალერიანე ფილიშვილს დაევალა. უფლებადამცველები სასამართლოს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

სასამართლოს განმარტებით კი, მორიგე მოსამართლეზე, ყოველდღიურად, საშუალოდ 51 სამართალდარღვევის საქმე ნაწილდება.

უფლებადამცველები, ასევე, ამბობენ, რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად მოსამართლემ დაცვის მხარეს საკმარისი დრო არ მისცა.

„თითოეულ მხარეს განესაზღვრა ორი საათი მტკიცებულებათა მოსაპოვებლად და სასამართლოზე წარსადგენად“, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე და აგრძელებს: „დიღმიდან - სადაც საქალაქო სასამართლო მდებარეობს - რომ წამოვიდე ქალაქის ცენტრში და უკან წავიდე, [მხოლოდ ამისთვის] ერთი საათია საჭირო“.

ადვოკატებისთვის გაუგებარი რჩება მოსამართლის მიერ გამოყენებული სანქციების შერჩევის პრინციპი - რატომ მიესაჯა ზოგ ბრალდებულს 3-დღიანი, ზოგს კი 13-დღიანი პატიმრობა?

მოსამართლე არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ის იყო ნეიტრალური და მიუკერძოებელი.
გიორგი მშვენიერაძე

„სანქციები ყველაზე მაღალი იყო იმათთან მიმართებაში, რომლებიც აქტიურობდნენ როგორც სასამართლო განხილვის დროს, ისე აქციის ორგანიზების და სამოქალაქო პროტესტის კუთხით. მაგალითად, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია. სამწუხაროდ, მოსამართლე არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ის იყო ნეიტრალური და მიუკერძოებელი. იგრძნობოდა, რომ ის მოქმედებდა ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ“, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლო კი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაზე იყო ზეწოლისა და ხელშეშლის მცდელობები. მოსამართლე ფილიშვილს კიდევ 25 აქტივისტის საქმეზე აქვს განაჩენი გამოსატანი.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG