Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია აქციაზე დაკავებული ბუნტურისა და ჭიჭინაძის საქმეს ასაჩივრებს


გიორგი ბუნტურის და ლუკა ჭიჭინაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას დაკავებულ ბუნტურსა და ჭიჭინაძეს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ წვრილმანი ხულიგნობის მუხლი მოეხსნათ, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით პატიმრობა მიესაჯათ.

როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატი გვანცა საკანელაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას. მათ მოსამართლის გადაწყვეტილების დასაბუთება ამ დრომდე არ ჩაბარებიათ, სარჩელს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით ამზადებენ.

„ლუკა ჭიჭინაძის მიმართ გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლემ მხოლოდ სამართალდამცველთა ახსნა-განმარტებებით იხელმძღვანელა, საქმეში არ არსებობს არც ვიდეო მტკიცებულებები და არც მოწმეთა ჩვენებები. რაც შეეხება ბუნტურს, მისი მისამართით არსებობს მხოლოდ რამდენიმეწამიანი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ დგას ის მომიტინგეთა მასაში გაუნძრევლად, რითაც პოლიციისადმი წინააღმდეგობა ნამდვილად არ დასტურდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საიას ადვოკატი გვანცა საკანელაშვილი.

სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 დემონსტრანტიდან ამ დროისთვის მხოლოდ 12 პირის საქმე განიხილა. მათგან 10-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთ დემონსტრანტს ჯარიმა და ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დანარჩენი დემონსტრანტების საქმის განხილვა გადაიდო.

18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG