Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს


თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში. 2019 წლის 21 ნოემბერი
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში. 2019 წლის 21 ნოემბერი

აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, პრინციპული პოზიცია გამოხატონ საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების გამო.

ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე, რომელსაც საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი უძღვებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ილაპარაკა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ საქართველოს მისწრაფებაზე, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და აშშ-თან თანამშრომლობის შედეგებზე.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზე და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო განვითარების გეგმები: „საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესი ეფუძნება სტრატეგიული მზადყოფნის ცნებას, რაც გულისხმობს, რომ ყოველდღიურად ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა სტრატეგიული მოთმინებით მზად ვიყოთ ნატოში გაწევრიანებისთვის“.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ამყარებს ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ცხადყოფს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის შეუქცევადობას.

ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა კუანტიკოს საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტშიც და შეხვდა ქართველ ოფიცრებს, რომლებიც სამეთაურო-საშტაბო და მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსს გადიან. თავდაცვის მინისტრი შეხვდა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის მეთაურს, გენერალ ჯეი ბარგერონს.

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრას გამართავს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროშიც, სადაც ხელს მოაწერს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG