Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარი "დააბოქლომეს"


აჭარის უმაღლესი საბჭოს ეზოში შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი 22 ნოემბერს გამართული აქციის დროს დაადეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ეზოში შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი 22 ნოემბერს გამართული აქციის დროს დაადეს

ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა დაბა ჩაქვში ბოქლომი დაადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ეზოში შესასვლელ ჭიშკარს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავების და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის გამო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი პოლიციამ 18 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას კიდევ 36 პირთან ერთად დააკავა წინააღმდეგობის გაწევის და ხულიგნობის ბრალდებით. ბაგრატიონს სასამართლომ 12 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„ჩვენ პიკეტირებას მოვაწყობთ ყველგან. ბათუმში თუ აჭარის რეგიონებში, ბიძინა ივანიშვილს შევუქმნით დისკომფორტს, რადგან მათ არ უნდათ სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ. მისი თქმით, აქციები მშვიდობიანი იქნება. აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მობილიზებულნი იყვნენ პოლიციელები, რომლებმაც ჭიშკრიდან ბოქლომი მალევე ჩამოხსნეს.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა.

„ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას დათანხმდა ივნისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების შედეგად. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG