საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ როცა პროტესტი მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს სცდება, სახელმწიფოს ამაზე რეაქცია ექნება. საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ არჩევნები 2020 წელს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება:
„ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქეებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, არჩევანს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს 2020 წლის არჩევნებში. ამიტომ მოვუწოდებ ოპოზიციის იმ დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაც არის, როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად, ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების. ეს სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და მომავალშიც ექნება სახელმწიფოს ამაზე რეაქცია. პარლამენტი აგრძელებს თავის საქმიანობას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან.
ვიდეომიმართვაში კი, რომელიც მანამდე გავრცელდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან მალე დამყარდება სიმშვიდე და საერთო ძალისხმევით იგი განვითარებას გააგრძელებს. მისივე თქმით, „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ 2024 წლიდან ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა:
„მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით ინიციატივამ, სამწუხაროდ, პარლამენტში ვერ მიიღო საკმარისი ხმები, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთი წლის წინ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასახულია კონსტიტუციაში და ის მოქმედია. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ. სხვა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ წინა ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დაწერეთ კომენტარი