რუმინეთის პროდასავლელი პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი, როგორც ჩანს, გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 24 ნოემბერს იმართება. ყოფილი მასწავლებლის მეტოქე, მემარცხენე ყოფილი პრემიერ-მინისტრია, რომლის მთავრობა კორუფციასა და სხვა მანკიერებებთან დაკავშირებული კრიზისის გამო დაიშალა.
იოჰანისის მეორე ვადით არჩევა ნიშნავს რუმინეთის პროევროპული ტრაექტორიის აღდგენას წლების განმავლობაში მემარცხენეთა მმართველობის შემდეგ, რომელსაც კორუფცია და სასამართლო სისტემაზე სისტემატური იერიშები ახასიათებდა.
60 წლის იოჰანესი და 55 წლის ვიორიკა დენჩილე ამ კვირაში პრესკონფერენციებს მართავდნენ, რადგან მოქმედმა პრეზიდენტმა დებატებში მონაწილეობა არ ისურვა.
იოჰანისმა, ყოფილმა ფიზიკის მასწავლებელმა, რომელიც ცენტრალური რუმინეთის ქალაქ სიბიუში ცხოვრობდა, რუმინელებს მოუწოდა: „ძვირფასო რუმინელებო, ეს არის თქვენი შანსი, გახდეთ გამარჯვებული, გამოიყენეთ საარჩევნო ბეჭედი და ყველა გამარჯვებული იქნებით“, - თქვა მან ბუქარესტში საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად მისვლის დროს.
დენჩილე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელსაც ბევრი მიიჩნევს კომუნისტური ნომენკლატურის მემკვიდრედ. მან მედიას განუცხადა, რომ ხმას აძლევს იმას, რომ „რუმინეთი წინ წავიდეს და არა უკან“.
უკანასკნელი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტიურობა ნაკლებია, ვიდრე პირველ ტურში, მაგრამ 22 და 23 ნოემბერს უცხოეთში მცხოვრები რუმინელების რეკორდულმა რაოდენობამ, 400 ათასმა ამომრჩეველმა მისცა ხმა თავის რჩეულს. რუმინული დიასპორა, ჩვეულებრივ, მემარჯვენე-ცენტრისტულ ძალებს უჭერს მხარს.