ირანის სახელმწიფო სააგენტო „ირნა“ იტყობინება, რომ პოლიციამ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების 180-მდე მონაწილე, დემონსტრაციების ლიდერები, დააპატიმრა. მათ ბრალად ედებათ წესრიგის დამცველებზე თავდასხმა, ცეცხლის შენთება და ინტერნეტის გზით უკანონო მოწოდებები.
მასობრივი დემონსტრაციები ირანში ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. საპროტესტო აქციები მოჰყვა საწვავის ფასის მკვეთრ გაზრდას და მალე გადაიზარდა ანტისამთავრობო გამოსვლებში. დემონსტრაციები გაიმართა ირანის ასამდე ქალაქში. ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა ძალა, ამასთან, თითქმის მთელ ქვეყანაში გაწყდა საინტერნეტო კავშირი.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები მომზადდნენ დასავლეთის ქვეყნებში და ფული მიიღეს დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის.
გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისმა და სხვა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ათეულობით დემონსტრანტი მოკლეს და ბევრი დაშავდა გასულ კვირაში ირანში, სადაც დაკავებულია ათასამდე პირი. ამნესტი ინტერნეშენელის 23 ნოემბრის განცხადების თანახმად, მოკლულთა რიცხვი 106-დან 115-მდე გაიზარდა.