ჰონ-კონგში კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში უპრეცედენტო შედეგს მიაღწიეს ოპოზიციური დემოკრატიული ძალების კანდიდატებმა.
24 ნოემბერს, ჰონ-კონგში აირჩიეს 18 საოლქო საბჭოს 452 დეპუტატი. წინასწარი შედეგებით, დემოკრატებმა მოიპოვეს სულ მცირე 333 მანდატი. მანამდე საოლქო საბჭოებში 75%-ით იყვნენ წარმოდგენილი ჩინეთის ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერები. მათ, წინასწარი მონაცემებით, 52 ადგილი ექნებათ. არჩევნებში მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი კანდიდატებიც.
ამომრჩეველთა აქტივობამ 71,2% შეადგინა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად, უქმე დღეებმა ჩაიარა მასშტაბური დემონსტრაციების და არეულობების გარეშე. კვირას ხალხმრავლობა საარჩევნო უბნებთან იყო.
ჰონ-კონგის ადგილობრივ არჩევნებს უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან საბჭოებს რეალური პოლიტიკური ძალაუფლება არ გააჩნიათ. დეპუტატებს კანონის, ან სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლიათ. საბჭოების კომპეტენციაა ჰონ-კონგის მთავრობისთვის წინადადებების წარდგენა კონკრეტული რაიონის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. თუმცა, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებულებს წარმომადგენლები ჰყავთ ჰონ-კონგის წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევს მთავრობის მეთაურს. როგორც წესი, დღემდე ამ თანამდებობაზე ჩინეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ირჩევენ.
ჰონ-კონგში ივნისიდან დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები. თავდაპირველად დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ ადგილობრივ მთავრობას უარი ეთქვა სავარაუდო კანონდამრღვევების ჩინეთისთვის გადაცემის განზრახვაზე. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა მოითხოვეს დემოკრატიული რეფორმები, საყოველთაო საარჩევნო უფლება და ჰონ-კონგის ადმინისტრაციის მეთაურის, კერი ლამის გადადგომა. გარდა ამისა, საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მოითხოვენ დემონსტრაციების დროს პოლიციის ძალადობის ფაქტების დამოუკიდებელ გამოძიებას.
1997 წლიდან ჰონ-კონგი ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონია. მას გარანტირებული აქვს ფართო, სპეციალური უფლებები, მათ შორის პრესის და შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.