Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტებს: გამიშვით, სამუშაო მაქვს, კანონპროექტი მაქვს დასახვეწი


დიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, მომავალ კვირას საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდება კანონპროექტი საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ მოდელზე გადაყვანასთან დაკავშირებით, მოგვიანებით, სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ კი, 200 000 ხელმოწერის შეგროვებაც დაიწყება.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ დააზუსტა, რომ პარტიის თავმჯდომარესთან კონსულტაციების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2020-ის არჩევნების სისტემა არ შეიცვლება, თუმცა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი ან რეფერენდუმი, ხარჯების დაზოგვის მიზნით, არჩევნებთან ერთად გაიმართება:

„რაც შეეხება ხალხის გამოკითხვას - რეფერენდუმს ან პლებისციტს - ის ჩატარდება, ან 2020 წელს არჩევნებს დავამთხვევთ, რომ არ იყოს ზედმეტი ხარჯი, ან შესაძლოა ეს იყოს თვითმმართველობის არჩევნები 2021-ში. და, შესაბამისად, როგორი იქნება ხალხის დამოკიდებულება, იმის მიხედვით გავაგრძელებთ მოქმედებას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. „გამიშვით, სამუშაო მაქვს, კანონპროექტი მაქვს დასახვეწი, რომ შემდეგ კვირას წარვადგინო“, - მიმართა მან ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნების“ ოფისში 25 ნოემბერს გაიმართა უმრავლესობის სხდომა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სხდომის შედეგები საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააცნო. 6 პუნქტად ჩამოყალიბებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით გაიმართება, თუმცა იმ ოლქებში, სადაც გამარჯვების შანსი ოპოზიციას ექნება, „ქართული ოცნება“ კანდიდატებს არ დაასახელებს. „ქართული ოცნების“ ექვსპუნქტიან გზავნილებში არის მაჟორიტარი დეპუტატების მოთხოვნაც, სრულად მაჟორიტარული სისტემის შემოღების შესახებ.

XS
SM
MD
LG