Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი შეშისა და კასრების წართმევას შეკრება-მანიფესტაციის უფლების უკანონო შეზღუდვად მიიჩნევს


მომიტინგეებისთვის შეშისა და კასრების ჩამორთმევის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ფეისბუკზე“ წერს. მისი შეფასებით, პოლიციის ქმედებით შეკრება-მანიფესტაციების უფლების უკანონოდ იზღუდება.

„შეკრების მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველსაყოფად, ზოგადად, კანონმდებლობით აკრძალულია ადვილად ფეთქებადი, აალებადი ნივთიერებების ან/და ისეთი საგნების ფლობა, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ვინმეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ზიანის მიყენების მიზნით.

აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლომ ჯერ კიდევ 2014 წელს განმარტა, რომ კანონი არა კონკრეტული ნივთების ან ნივთიერებების გამოყენებას კრძალავს, არამედ ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეკრების მონაწილეთა ქმედებები ქმნიან საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ ნივთების ადამიანთა დასაზიანებლად გამოიყენება მოხდება.

შესაბამისად, შეშის თუ სხვა რაიმე ნივთის შეკრება-მანიფესტაციაზე მიტანა მხოლოდ მაშინ შეიძლება შეიზღუდოს პოლიციის მხრიდან, თუ მათ აქვთ დასაბუთებული და გონივრული ვარაუდი, რომ არსებობს რეალური და მყისიერი საფრთხე, რომ შეშის და კასრების გამოყენება მოხდება სხვისი ჯანმრთელობის ზიანის მიყენების მიზნით (წინარე პრაქტიკის ან მანიფესტანტების ქცევის გათვალისწინებით).

ვინაიდან ჩვენ არ მოგვისმენია პოლიციელთა განმარტება, თუ რატომ ართმევენ მომიტინგეებს აღნიშნულ ნივთებს, მიგვაჩნია, რომ პოლიციის ქმედებები წარმოადგენს შეკრება-მანიფესტაციების უფლების უკანონო შეზღუდვას“, - აღნიშნავს ლომჯარია.

25-26 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისთვის განკუთვნილი შეშისა და კასრების ჩამორთმევის არაერთი შემთხვევა იყო. ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ანი ჭარხალაშვილი ამბობს, რომ პატრული და კრიმინალური პოლიცია აქციის მონაწილეებს შეშას ართმევს.

„ივანიშვილს კარვების და ახალგაზრდობის ეშინია. ამ შეშას იმიტომ დასდევენ, რომ ახალგაზრდები დიდ ხანს არ დარჩნენ აქციაზე. პოლიციელებს მივმართავ, სირცხვილია. იმიტომ გაცვიათ, ფორმა, რომ შეშას სდიოთ?!“ - აღნიშნავს ანი ჭარხალაშვილი.

XS
SM
MD
LG