Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია კვლავ გეგმავს პარლამენტის შენობის პიკეტირებას


სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებენ და კვლავ გეგმავენ შესასვლელების პიკეტირებას.

„რაც უნდათ გააკეთონ, ჭავლი კი არა ვინც უნდა გამოიყვანონ. ჩვენი პროტესტი გრძელდება და გაგრძელდება ბოლომდე. "ქართულმა ოცნებამ" იკითხოს, რა რეჟიმში აპირებენ ქვეყნის მართვას. ეს ხომ არ არის ქვეყნის მართვა, როცა სამსახურში მისასვლელად გჭირდება პოლიციის უფროსები, რაზმები, დაჯგუფებები, კანონდარღვევა, შეშის, ფიჩხის, კასრის დევნა, სპეცრაზმის გამოყვანა 20 მეტრის გზის გასაწმენდად - ასე აპირებენ ქვეყნის მართვას? ვერ მართავენ. ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს, ჩვენ ვიბრძვით არჩევნებისთვის, რომელიც მოიპარა ბიძინა ივანიშვილმა“, - უთხრა მედიას პარლამენტის დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

26 ნოემბერს, გამთენიისას საპოლიციო ძალებმა დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პარლამენტის ყველა შესასვლელს სპეცრაზმელები აკონტროლებენ. 12 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული.

საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების აქცია დაშალეს 18 ნოემბერსაც.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG