საქართველოს პარლამენტში 12:30 საათისთვის დაიწყო პლენარული სხდომა. რეგისტრაცია გაიარა 87-მა დეპუტატმა. კვორუმისთვის საჭირო იყო სხდომაზე, სულ მცირე, 76 დეპუტატის დასწრება.
პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციებს. სხდომას არ ესწრებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები.
სხდომაზე იმყოფება დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი.
26 ნოემბერს, გამთენიისას საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. დემონსტრანტები აპირებდნენ, არ დაეშვათ პარლამენტის სხდომის ჩატარება. აქციის დაშლის შემდეგ, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციელები განლაგდნენ.
საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების აქცია 18 ნოემბერსაც დაშალეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.