Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძემ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მისვლა დაუბრკოლებლად შეძლო


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი მანქანით მივიდა. როგორც მან მედიასთან განმარტა, ამით „ქართული ოცნების“ წევრებს აჩვენა, რომ აქციის მონაწილეებს ბევრი რამ შეუძლიათ:

„ჩემი მანქანით, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შემოვედი. ჩემი აქ შემოსვლა პარლამენტარებისთვის არის გაფრთხილება, რომ ჩვენ კიდევ ვიცით სხვა გზები, თუ როგორ უნდა მოვხვდეთ აქ. ასე რომ, შემდეგი პიკეტირება იქნება გაცილებით რთული თქვენთვის და გაცილებით უარესს მიიღებთ ჩვენგან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის შესასვლელებთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებული. ისინი პარლამენტის შესასვლელებს ოპოზიციის პიკეტირებისგან იცავენ.

26 ნოემბერს, გამთენიისას საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. დემონსტრანტები აპირებდნენ, არ დაეშვათ პარლამენტის სხდომის ჩატარება. აქციის დაშლის შემდეგ, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციელები განლაგდნენ.

საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების აქცია 18 ნოემბერსაც დაშალეს.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG