Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობერიძე "ქართულ ოცნებას": ძალიან მალე ძალიან მწარე პასუხების მიღება მოგიწევთ 


დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, საქართველოში შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართულ ოცნებას“. უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა 26 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„იმ ნაბიჯით, რაც თქვენ გადადგით, თქვენივე თავიც კი მოატყუეთ ბოლოს... საზოგადოება კი არა, მოახერხეთ ის, რომ თქვენივე თავი და „ოცნების“ წევრებივე მოატყუეთ... „ქართული ოცნება“ დღეს საზოგადოებას არ ელაპარაკება - თქვენ ელაპარაკებით მხოლოდ თქვენს მაჟორიტარებს...

მე მგონია, რომ (პოლიციის) ეს კორდონი მუდმივად არ იდგება თქვენსა და ხალხს შორის... მე მგონია, რომ ძალიან მწარე პასუხების მიღება მოგიწევთ ძალიან მალე... ეს იქნება იმის პასუხი, რაც თქვენ გააკეთეთ“, - განაცხადა კობერიძემ.

მისი განმარტებით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან „ორპოლუსიანი დაძაბულობა“ მხოლოდ ამ ორ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს.

„თქვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ერთად მართავთ ქვეყანას იმ გადაწყვეტილებებით ზუსტად, რომლებიც თქვენ მიიღეთ - ქართული საზოგადოებისთვის იმ საერთო სახალხო შეთანხმების მოპარვით, რასაც ერქვა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა...

თქვენ მორალური უფლება მიეცით ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც არანაირი მორალური უფლება არ გააჩნდათ თავისი მმართველობის მერე - გამოვიდნენ დღეს და საზოგადოება დამოძღვრონ... თქვენ გაწყობთ ორპოლუსიანობა. ორპოლუსიანობა აწყობს მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ - ორ პარტიას, რომლებსაც, როგორც ჩანს, არაცნობიერი შეთანხმება აქვთ.

თქვენ მისცემთ რაღაც საბაბს, მერე ისინი გამოვლენ, მერე თქვენ ამას გმობთ და.... ახლა ამას უნდა უყუროს ხალხმა, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ არ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“?! ორივე ძალას დღეს ლეგიტიმაცია, ნდობა აქვს დაკარგული“, - განაცხადა კობერიძემ.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ „ორპოლუსიანი დაძაბულობის“ ფონზე, „ქართულ ოცნებას“ ჩაფიქრებული აქვს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რაც ხელს აძლევს ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებისთვის შეთავაზებული იქნება არჩევანის გაკეთება ორ პოლიტიკურ ძალას შორის.

საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც არ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის 24 ივნისს მიცემული დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ დაპირებას წინ უსწრებდა საზოგადოების მღელვარება, რომელიც მოჰყვა თბილისში ჩამოსული რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვასა და შემდეგ უკვე - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, ე.წ. გავრილოვის ღამის კვალდაკვალ.

26 ნოემბერს, გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. სპეცრაზმის ჩარევითა და წყლის ჭავლის საშუალებით აქცია დაშალეს 18 ნოემბერსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26 ნოემბერს, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 28 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG