Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის სახ. დეპარტამენტი საქართველოს მთავრობასა და დემონსტრანტებს მოუწოდებს თავშეკავებისკენ


„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს”, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი „ამერიკის ხმისთვის“ მიწოდებულ წერილობით განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას.

„მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები“, - მიუთითებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

აშშ-ის საელჩომ საქართველოში საარჩევნო სისტემის საკთხზე 14 ნოემბრის კენჭისყრის შესახებ განცხადება იმავე დღეს გაავრცელა.

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკის საელჩომ დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გაძლიერებისთვის. ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს "ქართული ოცნების" დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი“, - ნათქვამი იყო საელჩოს განცხადებაში. მან ყველა მხარეს - მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ, რათა საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში გაგრძელდეს წინსვლა საქართველოს დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები, მას შემდეგ განახლდა, რაც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტში ჩავარდა.

დემონსტრანტები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო სისტემის ცვლილებას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG