Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოქმედდა პრეზიდენტის ბრძანებულება "შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ"


საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 26 ნოემბერს ხელმოწერილი ბრძანებულება „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“.

დოკუმენტის თანახმად, შეწყალების უფლების გამოყენებისას მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი გარემოებები:

ა) დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ოჯახური და ეკონომიკური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სასჯელის მოხდის ვადა, ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; წარსულში მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემა; ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს; დაზარალებულის მოსაზრება; მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება;

ბ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება; მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; ოჯახური დანაშაული, ოჯახში ძალადობა, აგრეთვე, დანაშაული ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ბავშვის ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ;

გ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის მიმართ, დაკავშირებული მათ მიერ სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან;

დ) დანაშაული ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული. ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება 18 სექტემბერს მიიღო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორის იყვნენ 18 წლის დავით ოთხმეზურის და ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. ამ ფაქტმა საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია.

18 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გამოდის ინიციატივით, გადაიხედოს შეწყალების წესი და ის პარლამენტში სამუშაო ჯგუფმა შეიმუშაოს: "აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით შეწყალების ახალ წესებს, რომელიც გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტიის წარმომადგენელი შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ შეწყალების იდეალურ წესებს, რათა აღარ მოხდეს საზოგადოების ასეთი შეშფოთება“.

19 სექტემბერს, პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

პროკურატურამ 20 სექტემბერს დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

XS
SM
MD
LG