ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრის, გოგია გიგაურისთვის სახლის აშენება დაიწყო. ეს ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად დღეს, 27 ნოემბერს, გამოაქვეყნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მისი ცნობით, თანხა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შეაგროვეს და სამშენებლო მასალები ბარისახოდან ბლოში სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენით ჩაიტანეს. შსს-ს ინფორმაციით, სახლის მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება.
ბლოს ერთადერთი მკვიდრის, კარავში მცხოვრები გოგია გიგაურის შესახებ პირველი რეპორტაჟი მაისში გამოაქვეყნა მედიარესურსმა „მთის ამბებმა“. გიგაურის სახლი ზვავმა 2015 წელს დაანგრია. „მთის ამბებმა“ ბლოს ერთადერთი მცხოვრებისთვის სახლის ასაშენებლად კამპანია მაისშივე დაიწყო, რამდენიმე თვეში შეძლო დაახლოებით 11 ათასი ლარის შეგროვება და მშენებელი კომპანიაც შეარჩია.
14 ნოემბერს „მთის ამბები“ წერდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი უთხრა ბარისახოდან ბლოში ხის სამშენებლო მასალების სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადატანაზე. ამ პუბლიკაციას სოციალურ ქსელებში მოჰყვა მწვავე კრიტიკა შსს-ს და მთავრობის მიმართ.
„მთის ამბებმა“ 25 ნოემბერსაც გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ 24 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოელ გოგიას სიურპრიზი გაუკეთა და ამ ზამთარს თბილ სახლში გაატარებს. „მთის ამბები“ თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „შსს-მ ბლოელი გოგიასთვის კოტეჯის აშენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ვერტმფრენით დახმარებაზე უარის თქმის შესახებ „მთის ამბებმა“ კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა და „მთავარმა არხმა“ ბლოელ გოგიაზე სიუჟეტი გადაიღო. თავისი განზრახვის შეფუთვა კი, თითქოს სახლის აშენება სიურპრიზი იყო და ამას დიდი ხანია გეგმავდნენ, ტელეკომპანია „იმედის“ საშუალებით, მცდარი ინფორმაციით სცადა“.