Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის გამართვის საშუალება არ მისცეს


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატს, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს დღეს მოძრაობა "გაბედესა" და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციის გამართვაში ხელი შეუშალეს. პრესკონფერენცია ჩაიშალა, მედიაცენტრ „მთავარის“ შენობა გურამ მაჭარაშვილმა სამართალდამცავთა დახმარებით დატოვა. ახალგაზრდების ჯგუფმა იგი შეძახილებით „მონა“ გააცილა.

როგორც ლეიბორისტული პარტიის წევრმა ბექა ნათელაშვილმა განაცხადა მედიასთან, გურამ მაჭარაშვილს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ პროპორციული არჩევნების ჩავარდნისა და ბიძინა ივანიშვილის დავალებების კარგად შესრულების გამო აწინაურებენ. იგი ამბობს, რომ მაჟორიტარებს ყველგან შეუქმნიან დისკომფორტს და თავისუფალი გადაადგილებისა და „ხალხის მოტყუების“ საშუალებას არ მისცემენ.

გურამ მაჭარაშვილი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატადაა წარდგენილი. მას პარლამენტი უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში რამდენიმე თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პროპორციული სარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები 12-მა დეპუტატმა დატოვა. 26 ნოემბერს პარლამენტმა საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების ნაწილი დაამტკიცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG