თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს დაავალა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებები დედაქალაქში მიკროავტობუსების მმართველ კომპანიასთან იმისთვის, რათა 2020 წლიდან ავტოპარკის განახლება დაიწყოს. ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმის მოსამზადებლად თბილისის მერმა ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა:
„მე არ ვაპირებ კიდევ რამდენიმე წელი ველოდო, თუ როდის მოხდება ამ ავტობუსების განახლება-ჩანაცვლება... თქვენ იცით, რომ ეს არის კერძო კომპანიის საკუთრება, თუ არ ვცდები, ხელშეკრულება 2030 წლამდეა. დაიწყეთ მოლაპარაკება და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი. ჩემთვის, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა მოახერხონ კომფორტულად გადაადგილება“, - განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მისი თქმით, კომპანია „სისტრას“ კვლევითა და ანალიზით დადგინდა, რომ ქალაქის რელიეფიდან და თავისებურებებიდან, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზომებიდან გამომდინარე, ქალაქის ყველა ქუჩაზე შეუძლებელია იმ ავტობუსების გადაადგილება, რომლებიც დედაქალაქის მერიას შემოჰყავს და რომელთა სიგრძე არის 12, 10, 8 მეტრი. „კვლევამ გვიჩვენა, რომ მიკროავტობუსების როლი და არსებობა ქალაქში არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მერმა. მისი შეფასებით, მიკროავტობუსების ტექნიკური მდგომარეობა კრიტიკას ვეღარ უძლებს და მათი დაუყოვნებლივ ახლებით ჩანაცვლებაა საჭირო.
„არავის არ მოსწონს, რა მდგომარეობაშია ეს ავტობუსები და ყველამ კარგად ვიცით, როგორი დისკომფორტულია ამ ავტობუსებით გადაადგილება... როდესაც მიკროავტობუსები გადაადგილდება, ამ მდგომარეობაში, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ზოგს საერთოდ ძირი აქვს გავარდნილი და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრები კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" გადაჰყავს. 20 წლიანი ნებართვა კომოპანიამ 2011 წელს მოიპოვა.