Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ტრამპის საიმპიჩმენტო პროცედურის პირველი ეტაპი დასრულებულია


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა დაამტკიცა 300-გვერდიანი ანგარიში, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის ფარგლებში ჩატარებული გამოძიების შედეგად მომზადდა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა კომიტეტის 13-მა წევრმა 9-ის წინააღმდეგ.

სამთვიანი გამოძიების შედეგად მომზადებული ანგარიშის თანახმად, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის უფლებამოსილება გამოიყენა პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის უკრაინაზე ზეწოლის მიზნით. კერძოდ, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან მოითხოვდა სავარაუდო კორუფციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ და ამას უკავშირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას. აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი 2014 წლიდან 2019 წლის დასაწყისამდე იყო უკრაინაში გაზის მომპოვებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

დაზვერვის კომიტეტში მომზადებული დოკუმენტის თანახმად, მას შემდეგ, რაც ტრამპის ქმედებები ცნობილი გახდა ფართო საზოგადოებისთვის, პრეზიდენტმა მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლა სცადა და კომიტეტმა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეთა პატრიოტიზმის და გამბედაობის წყალობით შეძლო საჭირო მტკიცებულებების მოპოვება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფი დემოკრატების მიერ ინიცირებულ გამოძიებას ცალმხრივი და გაყალბებული უწოდა. თეთრი სახლის პრესმდივნის, სტეფანი გრიშემის განცხადებით, დემოკრატებმა ვერ წარმოადგინეს პრეზიდენტის მიერ კანონის დარღვევის მტკიცებულებები და მათ მიერ მომზადებული ანგარიში არ ასახავს არაფერს, დემოკრატების იმედგაცრუების გარდა. გრიშემმა დოკუმენტს უწოდა სარდაფში მჯდომი ბლოგერის გამონაგონი.

დაზვერვის კომიტეტში მომზადებული დოკუმენტი გააკრიტიკეს რესპულიკელმა კონგრესმენებმაც. მათი განცხადებით, დემოკრატები გამოძიების პროცესს ერთპიროვნულად ხელმძღვანელობდნენ, დამოუკიდებლად წყვეტდნენ მოწმეთა გამოძახების საკითხს და საკუთარ დასკვნებს აკეთებდნენ რესპუბლიკურ პარტიასთან კონსულტაციის გარეშე. ტრამპის თანაპარტიელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში დამტკიცებული ანგარიში გადაეცა იურიდიულ კომიტეტს, რომელიც 4 დეკემბრიდან დაიწყებს მტკიცებულებების შესწავლას და პრეზიდენტისთვის ბრალდების წაყენების საკითხს გადაწყვეტს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი იურისტები საკომიტეტო მოსმენებზე მისვლას არ აპირებენ, სანამ, მათი განცხადებით, გარანტირებული არ იქნება საკითხის მიუკერძოებლად განხილვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG