Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე 400 მოწმე უნდა დაიკითხოს


20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა.

ირაკლი ოქრუაშვილი უკანასკნელ სასამართლო პროცესებს არ ესწრებოდა. ის პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადებას გზავნიდა, რომელშიც სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე უარს განმარტავდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი პირველად ესწრება, მან განაცხადა, რომ თავისი ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის დაბრუნება სურდა.

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ირაკლი ოქრუაშვილს ადვოკატის აცილების მოთხოვნის მიზეზის განმარტება მოსთხოვა.

„უკმაყოფილო ვიყავი, ნაბახუსევზე შემოვიდა, დამპირდა, ასე აღარ მოვიქცევიო“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამის შემდეგ, მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილს შეკითხვა მის განათლებასთან დაკავშირებით დაუსვა.

„დღევანდელ გენერალურ პროკურორს თუ გავითვალისწინებთ, საშუალო განათლება მაქვს“, - უპასუხა ოქრუაშვილმა, რის შემდეგაც მოსამართლემ მას სერიოზული პასუხისკენ მოუწოდა.

„ცინიზმის და ირონიული დამოკიდებულების გაგრძელებას არ გირჩევთ, არ გააგრძელოთ“, - მიმართა მოსამართლემ, რასაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უპასუხა, რომ „სტილი აქვს ასეთი“.

„შენიშვნას გაძლევთ, ამის შემდეგ, იძულებული ვიქნები, გაგაძევოთ, ამიტომ კითხვებზე პასუხი გამეცით“, - განაცხადა მოსამართლემ.

20 ივნისის საქმეზე ბრალდების მხარეს 400 მოწმე ჰყავს დასაკითხი, ირაკლი ოქრუაშვილმა დღევანდელ სხდომაზე უმნიშვნელო მოწმეების მოხსნა მოითხოვა. მისი სიტყვებით, სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს 5 თვეა და არამნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვის გამო დროის გაწელვით სახელმწიფოს რესურსი იხარჯება.

„სახელმწიფოს ხარჯზე ვცხოვრობ, არც დენის და არც წყლის ქვითარი არ მომდის. იფიქრეთ იმაზე, რომ სახელმწიფოს და თქვენი რესურსი იხარჯება, თორემ პატიმრობამდე წნევა 150 მქონდა, ახლა მაქვს - 110“, - თქვა ოქრუაშვილმა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უბრალოდ მაკულატურაა და არ შეიცავს საქმეზე მისი ბრალეულობის დამადასტურებელ არანაირ დასაბუთებას.

„ბრალდების მტკიცებულებები წარმოადგენს მხოლოდ მაკულატურას და არა ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელ გარემოებებს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ექსპერტის პოზიციაა, რომელმაც [აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილისგან] გაიგო ერთადერთი სიტყვა, გაშიფრა და გაარკვია, რომ ეს იყო სიტყვა „წავიდა“. რას ნიშნავს ეს სიტყვა? რა კონტექსტში იყო გამოყენებული? რა მიმართულებით იყო გამოყენებული? ამ კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცა“, - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

მისი განმარტებით, მოწმეებმა ცალსახად მიუთითეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არ უნახავთ და 400 მოწმიდან შესაძლოა სულ 10 ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით. მხოლოდ საქმესთან და არა ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო ბრალეულობასთან, - აცხადებს ადვოკატი.

ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგი სასამართლო 13 დეკემბერს გაიმართება.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG