Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა გიგი უგულავასთვის 5 000-ლარიან გირაოს მოითხოვს


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებული გიგი უგულავას საქმის პროკურორის გიორგი ქობულაძის განცხადებით, უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. ამის შესახებ პროკურორმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.

„გიორგი უგულავას ბრალი ედება ერთი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და იმ ორი პირიდან ვინც გიორგი უგულავას და გიორგი გაბაშვილის საპირისპირო მხარეს იყვნენ, მათგან ერთს ბრალი ედება გიორგი გაბაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში იგივე მუხლით რითაც დაკვალიფიცირებულია გიორგი უგულავას ბრალდება“,- განაცხადა გიორგი ქობულაძემ.

ბალდების მხარე მოითხოვს 5 ათასლარიანი გირაოს გამოყენებას, პირადობის მოწმობის და პასპორტის ჩაბარებას საგამოძიებო ორგანოებისათვის.

პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიებას ხელთ აქვს მოწმეთა ჩვენებები და ამოღებულია ჩამწერი მოწყობილობა, რითიც ვიდეო გადაღება იწარმოებოდა.

„რაც შეხება თავად ვიდეოს მასალას, ამ კატეგორიის დანაშაულზე, ანუ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, კანონმდებლობის თანახმად არ არის გათვალისწინებული ვიდეო მასალის გამოთხოვა. ჩამწერი მოწყობილობა ამოღებული გვაქვს, რომ არ წაიშალოს და არ განადგურდეს“,- აცხადებს პროკურორი.

მისი სიტყვებით, აეროპორტში მოხდა კონფლიქტი , რომელიც დაიწყო გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირების საფუძველზე, რაც შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები "მომხდარს სხვადასხვაგვარად აღწერენ.“

„გიორგი უგულავა და მისი თანმხლები პირი ამ სიტუაციას სხვაგვარად აღწერენ, მეორე მხარე სიტყვიერ დაპირისპირებას სხვაგვარად აღწერს, ამიტომ ამ ეტაპზე დადასტურებულად ვინ იყო ინიციატორი ვერ მოგახსენებთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“,- აცხადებს გიორგი ქობულაძე.

ის არ გამორიცხავს, რომ გიგი უგულავასთვისაც მიეყენებინათ ფიზიკური შეუარცხყოფა. რასაც ექსპერტიზის მონაცემები იტყვის, თუმცა ექსპერტიზის მონაცემები ამ დროისთვის უცნობია.

„იყო კონფლიქტი ამ 4 პირს შორის, არ გამოირიცხება რომ შესაძლოა გიორგი უგულავას ვიღაცამ მიაყენა შეურაცხყოფა, მაგრამ ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ამაზე არ არსებობს, ვის მიმართაც არსებობდა, ამ ეტაპზე დავიწყეთ დევნა მის მიმართ“,- აცხადებს პროკურორი.

მისი სიტყვებით, მხოლოდ ის, რომ პირს აქვს დაზიანება, არ არის საკმარისი, რომ ვინმეს დევნა დაიწყოს, "არიან მოწმეები რომლებიც ამბობენ, რომ ამ პირს გიგი უგულავამ მიაყენა დაზიანება და დამატებითი მტკიცებულებაა ექიმის მიერ გაცემული ცნობა",- აცხადებს პროკურორი.

გიგი უგულავას ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს იქამდე მიმართა, ვიდრე დაცვის მხარეს მტკიცებულებები გადაეცემოდათ,

„ჩვენ არ გვაქვს დრო იმისათვის, რომ გადმოცემულ მტკიცებულებებს გავეცნოთ“,- განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა შსს-ს შენობაში შესვლამდე, სადაც მისთვის უგულავას საქმის მასალები უნდა გადაეცათ.

მისივე განმარტებით, სამართალდამცავ უწყებას ვალდებულება აქვს, როდესაც ბრალს წარუდგენენ ბრალდებულს, დაუყონებლივ მოხდეს იმ მტკიცებულებების გადაცემა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბრალდების წარდგენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

XS
SM
MD
LG