Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვანე სკოლა განცხადებას ავრცელებს


თბილისის მწვანე სკოლა მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზების თაობაზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

სკოლის ადმინისტრაციის განმარტებით, არასწორია აღქმა, რომ სკოლის მოსწავლის მიერ კედელზე გაკეთებული წარწერის გამო სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დილით სკოლაში შესულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს სკოლის კედლებზე, დაფებზე, ნახატებზე წითელი საღებავით გაკეთებული წარწერები დახვდათ (მათ შორის, ბევრი უწმაწური შინაარსის).

საღებავები ჰქონდა შესხმული ვიდეოკამერებსა და კარადებს. უცნობი პირი სკოლის ტერიტორიაზე ღამით იყო შეპარული.

მწვანე სკოლა წერს, რომ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაუჩნდათ ერთგვარი დაუცველობის განცდა. საქმის ვითარებით მშობლებიც დაინტერესდნენ. დაცვის სამსახურმა ვიდეოკამერების ჩანაწერები შეამოწმა და სკოლის ტერიტორიაზე ღამის საათებში უკანონოდ შესული ადამიანის იდენტიფიცირება სცადა.

მწვანე სკოლის ადმინისტრაცია წერს, რომ გამოირიცხა სკოლის ყველა მოსწავლე. ხოლო მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის დაცვის სამსახური კანონით ვალდებული იყო, დასახმარებლად საპატრულო პოლიციისთვის მიემართა და ასეც მოიქცა.

„როგორც შემდგომი მოკვლევისას აღმოჩნდა, სკოლის ტერიტორიაზე ღამით გადმოპარული მოზარდი ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. იგი შარშან გადმოვიდა „მწვანე სკოლაში“, სწავლობდა რამდენიმე თვის განმავლობაში და შემდეგ მშობლის განცხადების საფუძველზე სექტემბერში გადაიყვანეს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში“, - წერს მწვანე სკოლის ადმინისტრაცია და შენიშნავს, რომ ბავშვი სკოლიდან ოჯახის გადაწყვეტილებით გადავიდა და რომ მოკვლევა არ შედიოდა სკოლის უფლებამოსილებაში.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესი იქნება გარანტი იმისა, რომ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა. ამ ეტაპზე მთავარია ბავშვის ჯანმრთელობა.
სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები უზომოდ სწუხან და ძალიან განიცდიან მოზარდის მდგომარეობას“
, - ვკითხულობთ მწვანე სკოლის განცხადებაში.

11 დეკემბერს 15 წლის მოზარდი მე-9 სართულიდან გადმოხტა, რასაც წინ უძღოდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში მისი დაკითხვა მწვანე სკოლაში დატოვებული წარწერების გამო. პოლიციას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG