Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძეს ბიუროს დღის წესრიგი დაუხია


ოპოზიციური ფრაქციების „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სერგო რატიანმა და თინა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს 20 ივნისს დაკავებულ პირებთან, აგრეთვე „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუასთან ციხეში მონახულების ნებართვას მოსთხოვეს.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.

„ეს არის შემაშფოთებელი, იმიტომ, რომ ამ წლების განმავლობაში, 2012 წლიდან, პარლამენტის არაერთი თავმჯდომარე ყოფილა და არცერთ მათგანს, ყველაზე უფრო მწვავე სიტუაციებშიც კი, არ უკადრებია ის, რომ ეს [ციხეში შესვლა] დაეშალა.

თქვენ [არჩილ თალაკვაძემ] ეს გააკეთეთ და ახლა აგვიხსენით, რატომ გააკეთეთ? ახლა აგვიხსენით და როდის შეგვიშვებთ? აღმოჩნდა, რომ ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთ დაკავებულზე ფაქტობრივად მიმდინარეობს ზეწოლა. დღეს ადვოკატი ლაპარაკობდა, რომ 2-3 პირი შევიდა საკანში და ზეწოლას ახორციელებდა, რომ ჩვენება მიეცა. მეორე შემთხვევაში ოპერაცია არის გაკეთებული. მშობლები ნერვიულობენ და დღეს მათ არ უშვებდით პარლამენტში. ძლივს მივაღწიეთ, რომ შეხვედროდა სოფო კილაძე და ახლა გაჰყვა მშობლებს“, - მიმართა სერგო რატიანმა არჩილ თალაკვაძეს და დაამატა: - „ჩვენი და საზოგადოების ნდობა თქვენ მიმართ ნულის ტოლია. აუცილებელია, რომ ჩვენ ამ ადამიანებთან შევიდეთ და მოვინახულოთ. თქვენ როგორ არ გესმით, რომ ეს არის ჩვეულებრივი დაწყნარება საზოგადოებისა. არაერთხელ შევსულვართ და ოდესმე მოჰყოლია ამას პოლიტიკური აჟიოტაჟი?! ეს არ არის ჩვენი პრივილეგია, ეს ჩვენი უფლებაა“.

თინა ბოკუჩავას თქმით, არც მას და არც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს, არ მისცეს ციხეში შესვლის შესაძლებლობა.

„სუნი რომ არ დააყენოთ“, - გაისმა ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრის რეპლიკა.

„სუნი აქა დგას. იქ ნაწამები არიან ადამიანები“, - მაშინვე გამოეხმაურა სერგო რატიანი.

თინა ბოკუჩავას შეფასებით, „მონათა ბაზარი“ გახდა პარლამენტი. „იმიტომ არ შემოვდივართ პარლამენტის სხდომებზე და ვართ ბოიკოტის რეჟიმზე, რომ ღირსად არ გთვლით, ამ მონათა ბაზარში მივიღოთ მონაწილეობა“, - აღნიშნა ბოკუჩავამ და პარლამენტის სპიკერს მიმართა: - „ბატონო არჩილ, აქ ბორკილებს რომ ათამაშებთ და შოუებს დგამთ, იცით, რა უნდა გააკეთოთ? უნდა შეგვიშვათ ციხეში. სოფიო კილაძე 6 თვე რატომ არ დაინტერესდა პატიმრების ბედით? რა აკადრეთ გიორგი რურუას, რომელსაც იარაღი არც კი ჩაუდეთ, მერე მიიყვანეთ ადამიანი და უთხარით, რომ ეს არის ის იარაღი, რომელიც ჩაგიდეთო. ამ ადამიანთან. მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილთან, ბესიკ თამლიანთან შესვლის უფლებას არ მაძლევთ“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც თან ბოიკოტის წერილებს წერთ და თან პარლამენტში ბიუროს სხდომას ესწრებით. ჩამოყალიბდით“.

თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს მიუახლოვდა.

„თითს ნუ მიქნევ, დაჯექი ადგილზე“, - მიმართა მას არჩილ თალაკვაძემ. „შენ თითი დაუქნიე ბიძინა ივანიშვილს“, - მიიღო პასუხად პარლამენტის სპიკერმა.

შემდეგ თალაკვაძემ პარლამენტის მანდატურებს მიმართა: „მაშინ გაიყვანეთ, თუ შეიძლება, ქალბატონი ბოკუჩავა“. ამასთან, ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ჯერ პასუხი მოისმინეთ, დაბრძანდით, ღვედები შეიკარით და მერე გავაგრძელოთ საუბარი“.

მას შემდეგ, რაც ბოკუჩავამ თალაკვაძეს ბუტაფორია უწოდა, კვლავ გააქტიურდა მიხეილ ყაველაშვილი, რომელსაც სერგო რატიანმა მიმართა: „მანდატური ხარ?“

ისე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს თალაკვაძისგან პასუხი არ ჰქონდათ მოსმენილი, შეკითხვაზე, „გვიშვებთ თუ არა პოლიტპატიმრებთან?“, მათ მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა: „უსაფრთხოების მიზნით ვერ დაგიშვებენ იმიტომ, რომ მოაწყობთ რაღაცებს. 2012-მდე შესულიყავით პატიმრებთან“.

შემდეგ ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდიდან ბიუროს სხდომის დღის წესრიგი აიღო, დახია და მაგიდაზე დაყარა. თალაკვაძემ სხვა ფურცლებიც გაუწოდა: „ესეც დახიეთ“.

რატიანსა და ბოკუჩავას ბიუროს სხდომა მანდატურებმა დაატოვებინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG