თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ამბობს, რომ საკრებულოს უმრავლესობის ყველა წევრი ემიჯნება ერეკლე კუხიანიძის შეურაცხმყოფელ განცხადებებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ.
„ყველას მიგვაჩნია, რომ ამგვარი განცხადების გაკეთება, როდესაც ადამიანი არის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში, არ შეიძლება და ამასთან დაკავშირებით შედგება უმრავლესობის სხდომა და ვიმსჯელებთ მის [ერეკლე კუხიანიძის] თანამდებობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან კომენტარში. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის აქციის შედეგად იქნება მიღებული:
„რო მოდიან აქ და კივიან გააგდეთო, სანამ ამათ არ გავაგდებთ ამ შენობიდან, არავის აქედან არ გავაგდებთ მანამდე... გაგდება რას ნიშნავს? რომ შემოიჭრებიან, მერე გავაგდებთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ოპოზიციამ „შოუ“ და „კონცერტი“ არ დადგას, საკრებულოს უმრავლესობის სხდომის თარიღი წინასწარ არ დაანონსდება. მისივე განმარტებით, სწორედ ამავე მიზეზით არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული გუშინ, 16 დეკემბერს:
„გუშინ იმიტომ არ მივიღეთ, რომ ამ შოუს ნაწილი არ გამხდარიყო. ამას მივიღებთ მაშინ, როდესაც ოფიციალურად ფორმალურად შევიკრიბებით“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა. მისი განმარტებით, ერეკლე კუხიანიძეს უფლებამოსილებას ვერავინ შეუწყვეტს პირადი განცხადების გარეშე. „საუბარია თანამდებობაზე. უმრავლესობაზე შევიკრიბებით და გადავწყვეტთ. მე ერთპიროვნულად არ გიპასუხებთ ახლა, დავატოვებინებთ თუ არა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. მათ გააპროტესტეს დეპუტატის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები. ისინი მოითხოვენ, ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს თანამდებობა და საკრებულოს დეპუტატის მანდატი.