Accessibility links

როგორ აგროვებს სახელმწიფო მოქალაქეებზე ინფორმაციას ფარულად  


სახელმწიფო კვლავ იყენებს ოპერატიული საქმიანობის საბჭოთა მეთოდებს - ვიგებთ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ კვლევიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერატიული საქმიანობის მარეგულირებელ კანონში გაჩნდა ჩანაწერი ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, EMC აღნიშნავს, რომ რეგულაციები ფორმალურია - „კანონით გათვალისწინებული გარანტიები ვერ წონის ოპერატიული ღონისძიებების მეთოდების სიმძიმეს“. კანონი ოპერატიულ მუშაკებს აძლევს იმგვარ შესაძლებლობებს, რაც ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკს ქმნის.

რას გულისხმობს ოპერატიული საქმიანობა?

  1. პირის გამოკითხვას;
  2. ცნობების შეგროვებასა და ვიზუალურ კონტროლს;
  3. საკონტროლო შესყიდვას (მაგალითად, ნარკოტიკული ნივთიერების);
  4. კონტროლირებადი მიწოდება;
  5. საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა;
  6. პიროვნების იდენტიფიკაცია;
  7. დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურა;
  8. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვება;
  9. დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა;
  10. კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა.
  11. ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი - გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას....

ვინ აწარმოებს დღეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას?

1. შსს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მათ შორის, დაცვის პოლიციაც)

2. სუს-ი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

3. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროო

5. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოპერატიული დანაყოფები;

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

7. საქართველოს დაზვერვის სამსახური

8. პროკურატურის გამომძიებლები

9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების გამომძიებლები

10. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ანუ 10 სახელმწიფო უწყებას და მასში შემავალ დანაყოფებს ჰყავთ თავიანთი ოპერატიული მუშაკები. მათ კი, თავის მხრივ, კონფიდენტები, ანუ ინფორმატორები. მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია საგამოძიებო მოქმედებების დაწყება. კონფიდენტების შესახებ ოფიციალური ცნობები არ არსებობს და მხოლოდ ვარაუდით შეიძლება იმაზე მსჯელობა, თუ რამდენი ადამიანია ჩართული პროცესში.

კონფიდენტების პრობლემა

EMC- ის კვლევაში ერთ-ერთ პრობლემად დასახელებულია სწორედ კონფიდენტების საქმიანობის არასაკმარისი რეგულირება. რაც ერთ შემთხვევაში პრობლემას უქმნის ოპერატიულ მუშაკს, მეორე მხრივ კი, თავად ინფორმატორს, თუკი ის „იძულებულია“ ითანამშრომლოს ოპერატიულ გამოძიებასთან.

კვლევის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მონაწილე უწყებებმა ერთ-ერთ დანერგილ პრაქტიკად დაასახელეს ყოფილ მსჯავდებულებთან ურთიერთობა, რაც აჩენს იმ ეჭვსაც, რომ გათავისუფლებულ პირს უწევს ზემოჩამოთვლილ რომელიმე უწყებასთან თანამშრომლობა იმის შიშით, რომ ისევ არ დაბრუნდეს ციხეში.

1. „ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებასა თუ ჩატარებაში. ამასთან, მათი სურვილით შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობის, მათ შორის, კონტრაქტით თანამშრომლობის, კონფიდენციალობა. ეს პირები ვალდებულნი არიან, საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია აღნიშნულ ორგანოებს, არ გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის, - წერია კანონში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ.

საგამოძიებო სტრუქტურის ყოფილი თანამშრომლის გირშელ ძებნიაურის თმით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მეზობელთან კონფლიქტში მყოფმა ინფორმატორმა მას მარიხუანა ჩაუდო, შემდეგ კი ოპერატიულ მუშაკს აცნობა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა კონკრეტულ პირს.

ითქვა ისიც, რომ ხანდახან ინფორმატორიც არ არსებობს, ოპერატიული მუშაკი კი ამბობს, რომ მიიღო ინფორმაცია და ამას იყენებენ გამოძიების დაწყების საფუძვლად.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ რესპონდენტების გამოკითხვის პროცესში ხშირად გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ოპერატიული მუშაკი აბსტრაქტული საფრთხის შემთხვევაშიც იყენებენ ოპერატიულ მოქმედებებს, ანუ ოპერატიული მუშაკი უშვებს კონფიდენტს იმისთვის, რომ თვალი ადევნოს კონკრეტულ უბანში არსებულ ვითარებას და შესაძლო დანაშაულის შემთხვევებზე მიაწოდოს ინფორმაცია.

ოპერატიული საქმიანობა უნდა გაუქმდეს

კანონი სამართალდამცავ ორგანოებს ოპერატიული მოქმედებებისა და წყაროების გამოყენებით, აძლევს საშუალებას, სასამართლო ნებართვის გარეშე მოიპოვოს ინფორმაცია.

დღეს ოპერატიული სამძებრო საქმიანობა არის მექანიზმი, რომელიც ერთდროულად გამოიყენება პრევენციის, გამოვლენისა და გამოძიების მიზნებისთვის. საკითხის კვლევის პროცესში ჩატარდა 25 ინტერვიუ, საქართველოს პროკურატურის, შსს-ს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პროკურორებთან, გამომძიებლებთან და ოპერატიულ თანამშრომლებთან. კვლევის ავტორი თამარ გვასალია კი ამბობს, რომ იმისთვის, რომ მეტად დაცული იყოს ადამიანის უფლებები და სისტემაც გაჯანსაღდეს, საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები.

„შეუძლებელია, არსებობდეს ეფექტური გამოძიება ფარული საგამოძიებო მოქმედებების გარეშე, მაგრამ ნებისმიერი ფარული მოქმედება, როგორც გამოძიების ნაწილი, გაწერილი უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსში“, - ამბობს თამარ გვასალია და ამატებს, რომ დროთა განმავლობაში აღარ უნდა არსებობდეს დამატებითი მექანიზმი, ანუ ოპერატიული საქმიანობა, რომლის ერთადერთი ფუნქციაც არის სოციალური კონტროლი.

დღეს კი გვყავს ოპერატიული საქმიანობის უფლების მქონე 10 უწყება, სავარაუდოდ, ბევრი ოპერატიული მუშაკი, მათზე მეტი ინფორმატორი და „დროში გამოცდილი“ მეთოდები, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს შანტაჟისა და პირად ცხოვრებაში ჩარევისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG