Accessibility links

site logo site logo

წარმომადგენელთა პალატამ გამოაცხადა ტრამპის იმპიჩმენტი, პროცესი სენატში ინაცვლებს


18 დეკემბერს გვიან საღამოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა, რითიც პროცესი ინაცვლებს სენატში, სადაც უნდა გადაწყვიტონ მას სცნობენ თუ არა დამნაშავედ და გადააყენებენ თუ არა თანამდებობიდან.

სენატში პროცესი იანვარში გაიმართება და სავარაუდოდ რესპუბლიკელები, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, მას დართავენ უფლებას შეინარჩუნოს თანამდებობა.

თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი "დარწმუნებულია, რომ სენატი აღადგენს რეგულარულ წესრიგს, სამართლიანობას და უფლებრივ გარანტიებს".

ტრამპი, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტია, თეთრი სახლის მესამე მკვიდრია, რომელსაც იმპიჩმენტი შეეხო.

ტრამპის იმპიჩმენტი ორ ბრალდებას დაეფუძნა - ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას უკრაინაზე ზეწოლით, რათა მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის გარშემო გამოძიება დაწყებულიყო და კონგრესის ობსტრუქციას, რადგან მან უარი განაცხადა ეთანამშრომლა დემოკრატების ხელმძღვანელობით წარმოებულ საიმპიჩმენტო გამოძიებასთან.

ხმების თანაფარდობა თითქმის ზუსტად დაემთხვა პარტიულ კუთვნილებას. ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელები იმპიჩმენტს არ მიემხრნენ, მაშინ, როცა სამი დემოკრატის გარდა იმპიჩმენტს დემოკრატიული პარტიის ყველა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG