Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დაანგრევს პროტესტის მიმართ რეზისტენტულ სისტემას?


30 წელია უწყვეტ საპროტესტო მოძრაობაში ვართ, 30 წელია, მიტინგებით, საპროტესტო აქციებითა და პერფორმანსებით მოვითხოვთ, შეიცვალოს ხელისუფლება, გადადგეს მთავრობა, დაისაჯოს მინისტრი, დატოვოს მანდატი დეპუტატმა, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, შესრულდეს დაპირება... სპეციალური ლექსიკა და ჟარგონიც კი გაჩნდა ენაში: აქცია (პერფორმანსის) დაორგანიზება, სირცხვილის დერეფნის მოწყობა, პიკეტირება, შესასვლელის ბლოკირება, კარვის დადგმა, გზის გადაკეტვა, გზის გაწმენდა, რობოკოპები და ა.შ.

ცხადია, როცა ამა თუ იმ ხალხის ცნობიერებაში რამე მოვლენა იბადება, ის შესაფერის სიტყვებსაც პოულობს და მერე, მრავალი წლის შემდეგ, ამ სიტყვების მიხედვით შეგვიძლია აღვადგინოთ უკვე გამქრალი მოვლენები. დღევანდელი გადასახედიდან ძნელია იმის დაჯერება, რომ დადგება ისეთი დრო, როცა „საპროტესტო მოვლენები“ დავიწყებას მიეცემა და სიტყვებითა თუ სიტყვათა შეთანხმებებით იქნება შესაძლებელი იმის მტკიცება, რომ საქართველოში ოდესღაც მრავალწლიანი, უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა არსებობდა. დღეს ისე ჩანს, რომ არასოდეს არაფერი არ დასრულდება, მრავალი წლის განმავლობაში, ყოველდღე გაიმართება რამდენიმე საპროტესტო აქცია, მსვლელობა ან პერფორმანსი, რომლებსაც ხელისუფლება დაუპირისპირებს ან ძალას, ან გულგრილობას, ზურგგამაგრებულს პოლიციით, პარტიული აქტივისტებით და ა.შ. ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ ეწირება მრავალი ადამიანის ძვირფასი დრო და ჯანმრთელობა სისტემასთან ბრძოლას და როგორ რეაგირებს სისტემა ამ პროტესტზე.

სისტემა გახდა რეზისტენტული პროტესტის მიმართ!

სისტემამ მოიგერია მძლავრი, სახალხო საპროტესტო გამოსვლები, შემდგომი ხშირი და მცირერიცხოვანი აქციებით კი გაიძლიერა რეზისტენტულობა. გარდა ამისა, საზოგადოებამაც შეაჩვია თვალი ერთგვარ რუტინულ ძიძგილაობა-დაპირისპირებას, რომლისაც ხელისუფლებას არ ეშინია იმის გამო, რომ, უმეტეს შემთხვევაში, პროტესტი უღონო და მცირერიცხოვანია, არადა, აშკარაა, რომ ყველა მმართველი პარტია, რომელიც კი ჰყოლია საქართველოს, ჯიუტად მიჰყვება ფილიპე მახარაძის მიერ 90 წლის წინ დასახულ გეგმას: პარტიამ არავითარ შემთხვევაში არ დათმოს ხელისუფლება. ასეთ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ვის მხარეზეა სიმართლე. მთავარია, ვინ უფრო ძლიერია - ვის მხარეზეა პოლიცია, მართლმსაჯულების სისტემა და ა.შ.

„თქვენ უნდა იცოდეთ: პარტიას სანამ აქვს ძალა - ეს საშუალება ხალხის გაბედნიერებისა, ასეთ საშუალებად ჩვენ მიგვაჩნია ხელისუფლების ქონება, - ამას არავის დავუთმობთ და ნურავითარი ცდა, ამ საშუალების ხელიდან გამოცლისა, ნუ ექნება ნურავის. ნუ ექნება ეს ცდა, - რომ ეს საშუალება იქნეს გამოგლეჯილი ჩვენი ხელიდან. ეს არ უნდა იქნეს გულშიაც კი გავლებული “, - ესაა ფრაგმენტი ფილიპე მახარაძის სიტყვისა, რომელიც წარმოთქმული იქნა 1926 წელს სრულიად საქართველოს მწერალთა ყრილობაზე.

„ხელისუფლების ქონება“ - სწორედ ესაა „ქართული ოცნების“ ლიდერის ერთადერთი ამოცანაც და მიზანიც, რომელსაც ემსახურება დღეს ქვეყნის მთელი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო. ცხადია, ყველაფერი ეს ძალაუფლების ფლობისთვის საკმარისი არ არის. ასევე საჭიროა მხარდაჭერა არჩევნების დროს. აქაც, მთელი რიგი მიზეზების გამო (უსამართლო საარჩევნო სისტემა, ფული, ადმინისტრაციული რესურსი, დაქვემდებარებული მართლმსაჯულება და ა.შ.) უპირატესობა მმართველი პარტიის მხარესაა. სწორედ ამ უპირატესობის შემცირებას უნდა ისახავდეს მიზნად ყველა აქცია და პერფორმანსი. არადა, საეჭვო ფორმით ან უმნიშვნელო მიზნით ხშირად გამართული აქციები აძლიერებენ სისტემას, რომელმაც ისედაც დიდი ხანია განიცადა მუტაცია და იქცა ფორმალური და არაფორმალური მმართველობის რთულ ნაჯვარად: საზოგადოებას ფიზიკური კონტაქტი და, ხშირ შემთხვევაში, დაპირისპირება უწევს სისტემის სხეულთან - დე იურე ხელისუფლებასთან (გახარია, თალაკვაძე და ა.შ.) მაშინ, როცა გადაწყვეტილებას იღებს სულ სხვაგან გამოკეტილი თავი - დე ფაქტო მმართველის, ივანიშვილის სახით. ცხადია, სხეული დამოუკიდებლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, არადა, როგორც წესი, საზოგადოებას სხეულთან აქვს საქმე. ეს მოცემულობაც შესაცვლელია, მაგრამ როგორ?

არც პერფორმანსი და არც აქტივობის სიხშირე არ უნდა იყოს თვითმიზანი. არც ერთი მათგანი არ უნდა იქცეს რუტინულ საქმიანობად, ისეთად, როგორიც იყო, მაგალითად, ბარბარობაზე ივანიშვილისათვის ლობიანების ატანა და მისთვის ბედობის მილოცვა: ხუთმა კაცმა მიიტანა სამი ლობიანი და ორი ჩიჩილაკი, რომლებიც, პოლიციის ნებართვით, ხუთი წუთით დააწყვეს „ბიზნესცენტრის“ კართან და უსურვეს ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს მეტი ძალაუფლება და მეტი სიმდიდრე. ცხადი და გასაგები ირონიაა, მაგრამ უმასშტაბობის, უკონფლიქტობისა და ბანალურობის გამო, სანახაობამ დატოვა ჰაერში ფუჭი და უხმაურო გასროლის შთაბეჭდილება. ზოგადადაც, ხშირ შემთხვევაში, პროტესტი და პერფორმანსი მოკლებულია სიცოცხლეს, მუხტს და „აქციად“ ფორმდება მხოლოდ იმიტომ, რომ მედიის თვალსაწიერშია მოქცეული, რომ კამერები, უფრო ზუსტად კი, ტელეფონებით „ლაივებია“ ჩართული. ცუდი ისაა, რომ საზოგადოება ეჩვევა ამგვარ პროტესტს, გულგრილი ხდება მის მიმართ; აქციის ორგანიზატორებიც თავს იტყუებენ იმ ილუზიით, რომ მათი „წვეთი“ გახვრეტს ქვას; სისტემის რეზისტენტულობის ხარისხი კი სულ უფრო იზრდება და იზრდება. ასე სისტემა ვერ დაინგრევა. ასე სისტემა გაძლიერდება!

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG