მოძრაობა „სირცხვილიასთვის“ მიუღებელია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ინიციატივა საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მოძრაობა აღნიშნავს, რომ არ აპირებს „ქართულ ოცნებასთან“ ვაჭრობას და პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვს:
„როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ ისევ ვერ გაიგო, რომ ჩვენ მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნები და ღირებულებები თქვენს შემოგდებულ წინადადებებზე არ იყიდება. განსხვავებით თქვენგან, ჩვენ გაგვაჩნია პრინციპები, რომლებსაც არაფრის გამო არ შევიცვლით. უკან დახევას არ ვაპირებთ!
მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, დამოუკიდებელი საერთაშორისო და ლოკალური არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის, თქვენი ამომრჩევლებიც) ვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას. გვესმის, რომ ძალაუფლების გაზიარება და დათმობა გიჭირთ, მაგრამ მოგიწევთ. თუ გინდათ თქვენი მომავალი ამ ქვეყანას დაუკავშიროთ, მიიღეთ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ დაუღალავ და შეუვალ წინააღმდეგობას და გაიძულებთ უკან დახევას“, - აღნიშნულია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასტუმრო „შერატონში“ 20 დეკემბერს გაიმართა ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი. შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის საკუთარი მოდელი წარადგინა.
მმართველი პოლიტიკური ძალა ოპოზიციურ სპექტრს შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას სთავაზობს. „ქართული ოცნების“ ინიციატივა გულისხმობს, პროპორციული წილი სისტემაში 2/3-მდე გაიზარდოს:
„ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, მმართველ გუნდში მიღწეული კონსენსუსი ითვალისწინებს ცვლილების არა ერთჯერადად, 2020 წლისთვის, არამედ შემდგომი არჩევნებისთვისაც დაწესებას.