Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა


ნიკა მელიას პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა
ნიკა მელიას პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა თანაპარტიელი ნიკა მელიასთვის პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.

ოპოზიციური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს, 23 დეკემბერს მიმართეს. გოცირიძის შეფასებით, პარლამენტმა მელიას უფლებამოსილება უკანონოდ შეუწყვიტა, რადგან მის საქმეზე სასამართლოს სხვა ინსტანციებს შესაძლოა, განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღოთ.

რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ 12 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება აშკარა პოლიტიკური დევნაა და ყველა დეპუტატი, ვინც ამას მხარი დაუჭირა, შეტანილი იქნება პარლამენტარიზმის ისტორიის სამარცხვინო სიაში.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას პარლამენტმა უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა 88 ხმით.

მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე.

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და კიდევ ათამდე პირს ბრალი 2012 წლის ბოლოს წაუყენეს.

მელიას და ადეიშვილს ბრალად დასდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება და ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ნიკა მელიას დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

XS
SM
MD
LG