სულ მცირე რვა ადამიანი, მათ შორის - ხუთი ბავშვი, დაიღუპა რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სკოლის შენობაზე, რომელსაც თავს აფარებდნენ დევნილი სამოქალაქო პირები, - იუწყება ომზე დამკვირვებელი ჯგუფი.
საჰაერო თავდასხმა განხორციელდა იდლიბის პროვინციაში მდებარე სოფელ ჯუბასში, 24 დეკემბერს, - ამბობს ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია.
რუსეთის საჰაერო ძალების მხარდაჭერით სირიის მთავრობამ გასულ კვირაში ახალი შეტევა წამოიწყო მეამბოხეთა უკანასკნელ ბასტიონზე ქვეყანაში, რის გამოც ადამიანებმა მასობრივად დატოვეს სახლები და თურქეთის საზღვართან ახლოს რეგიონებს შეაფარეს თავი. სირიის ჯარებს ახლა ოთხ კილომეტრზე ნაკლები აშორებთ მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფი მსხვილი ქალაქისგან, მაარეთ ალ-ნუმანისგან, - იუწყება ფრანს პრესი 24 დეკემბერს, სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელზე, რამი აბდელ რაჰმანზე დაყრდნობით.