Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრი: ინგა გრიგოლიამ პირწმინდად მოიტყუა პირდაპირ ეთერში


საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ინგა გრიგოლიას ტყუილში ადანაშაულებს და უარყოფს, რომ მედიამენეჯერებთან შეხვედრაზე, თავისი წინამორბედი მამუკა ბახტაძე უცენზუროდ მოიხსენია.

„დღეს, იმისთვის, რომ ეს ერთი თვეც გადაავადონ, ყველაფერს იძახიან“, - ამბობს მაჭავარიანი.

„ტვ პირველის“ გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ არხის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მედიამენეჯერებთან შეხვედრაზე - სადაც ტელეკომპანიების ანგარიშებზე ინკასოს დადების საკითხს განიხილავდნენ - მაჭავარიანმა თავის წინამორბედს „უტრაკო“ უწოდა.

„ეს სიტყვა გაიმეორა სამჯერ… აიმ რამ გააჩინა პროტესტი. როდესაც მთავრობის წევრი ასეთი კრიზისული სიტუაციის დროს მედიამენეჯერებთან ამ სიტყვებს ხმარობს, ეს არის ყველაზე შეურაცხმყოფელი“, - თქვა გრიგოლიამ.

წაიკითხეთ: რა არის ინკასო და რისთვის იყენებს მას ხელისუფლება - მთავარი ტელევიზიების პრეტენზიებზე

ივანე მაჭავარიანი, ასევე, უარყოფს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედი“ ჰოლდინგთან 55-მილიონიანი ვალის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმება დადებულია.

„ისინი გრძელ პერიოდს ითხოვდნენ და ჩვენ - მოკლეს“, - ამბობს მაჭავარიანი და აგრძელებს: „ჯერჯერობით თანხმობა მიღწეული არ არის. 10 წელი იქნება, 7 თუ 5, გაიგებთ“.

25 დეკემბერს ინკასო დაედო „კავკასიის“, „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და რამდენიმე რეგიონული მაუწყებლის ანგარიშებს, სამთვიანი დავალიანებების გამო.

ამ კომპანიების წარმომადგენლები - „რუსთავი 2“-ის გამოკლებით - ფინანსთა მინისტრს 27 დეკემბერს შეხვდნენ, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მედიამენეჯერების თქმით, უსამართლოა სახელმწიფოს მიდგომა, როცა მცირე ზომის მაუწყებლებს სამთვიანი დავალიანების დაუყოვნებლივ გადახდა მოეთხოვებათ, ხოლო უმსხვილეს მაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვილი ათობით მილიონის გადახდა ჯერ კიდევ არ დაუწყიათ.

XS
SM
MD
LG