Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „იმედი“: ჩვენი მიმდინარე დავალიანება შეადგენს ნულს


„გაუგებარია ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები იმის ფონზე, რომ, სინამდვილეში, თავის დროზე, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით არაკონკურენტულ გარემოში ჩვენი მაშინდელი პირდაპირი კონკურენტის - ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო“, - ნათქვამია ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებაში.

ტელეკომპანია „იმედი“ აღნიშნავს, რომ მიუხედავად „რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილებისა, ის დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდა გადასახადების გადახდას კრიტიკულ მომენტამდე, სანამ ჩიხური მდგომარეობაში არ აღმოჩნდა: „ჩვენი შემოსავლისა და ხარჯის ბალანსმა ფიზიკურად აღარ მოგვცა სრულყოფილი ფუნქციონირების საშუალება. სწორედ ამის გამო გახდა „იმედი“ იძულებული, შეეჩერებინა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.

ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ, როგორც კი ფინანსთა სამინისტრომ მოუწოდა მაუწყებლებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისკენ, „იმედმა“ უმოკლეს ვადებში წარადგინა დავალიანების გადახდის გრაფიკი და დაიწყო მიმდინარე გადასახდის გადახდა.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენი მიმდინარე დავალიანება შეადგენს ნულს. დარჩენილ დავალიანებას კი დავფარავთ სრულად, იმგვარი გრაფიკით, რომ ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანიები არ დადგნენ დახურვის საფრთხის წინაშე“, - წერია „ტელეიმედის“ განცხადებაში.

ტელეკომპანია „კავკასიის" განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ხელისუფლება მის მიმართ ლოიალურად განწყობილ ტელეკომპანიებს – „იმედს“, „მაესტროს“, „რუსთავი 2“–ს აყენებს სასათბურე მდგომარეობაში და აპირებს პრაქტიკულად აპატიოს მათ 55-მილიონიანი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, ამ დავალიანების რესტრუქტურიზაციის და ფორმალურად 10 წელზე გადანაწილების გზით, რათა არ შეუქმნას დისკომფორტი ამ არხებს და შეუნარჩუნოს მათ საბაზრო უპირატესობა".

25 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო „კავკასიის“, „TV პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ანგარიშებს. მანამდე, 23 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მქონე ტელეკომპანიებს და ერთი დღის ვადას აძლევს 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხის დასაფარად.

XS
SM
MD
LG