Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა 2019 წელი შეაჯამა და 2020-ის პრიორიტეტებზე ილაპარაკა


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაასახელა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მინისტრთა კაბინეტის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, 2019 წლის შეფასებისას, გიორგი გახარიამ თქვა, რომ სამუშაო ადგილები უაღრესად დიდი გამოწვევაა და ყველას კარგად ესმის, რომ ამ მხრივ, ქვეყანას არ ულხინს: „თუმცა, უნდა ვიმუშაოთ მეტი, კონცენტრირებულად და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი სამუშაო ადგილების შექმნაში გახლავთ, რა თქმა უნდა, ქართული ბიზნესი. ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ძლიერი ქართული ბიზნესი, ძლიერი ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავააქტიურეთ თანამშრომლობა ბიზნესთან. მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი სისტემური გამოწვევა, რომლებსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქვეყანას „საკმაოდ კარგი ციფრები“ აქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით: „ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 თვის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 5 %-ზე მეტი და საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ წლის საბოლოო მონაცემებსაც. კარგი მონაცემები გვაქვს მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, გვაქვს 14%-იანი ზრდა, თუმცა, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა მაქსიმალურად დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს“.

გიორგი გახარიას განცხადებით, კარგი მონაცემებია ტურისტების რაოდენობის მხრივაც და მან ცხრა მილიონს გადააჭარბა.

გახარიამ ილაპარაკა დაჩქარებულ პრივატიზაციაზეც, რომლის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში, მისი ინფორმაციით, 45 მილიონი ლარის ღირებულების 28 ქონება გაიყიდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2020 წლიდან დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია, პრობლემა მთლიანად მოგვარდება სამ წელიწადში და მიწა, როგორც ეკონომიკური აქტივი, სრულად ჩაერთვება ეკონომიკურ ბრუნვაში.

გიორგი გახარიას განცხადებითვე, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც განვითარება და მოდერნიზაცია სჭირდება, 2020 წლისთვის მივა „თითქმის თითოეულ ქართულ ოჯახში და გაიშლება რეგიონებში,“ სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების პროგრამები იმუშავებს ერთი ფანჯრის პრინციპით და თითოეულ მოქალაქეს, ვისაც სურს აიღოს პასუხისმგებლობა და გახდეს მეწარმე, სახელმწიფო ყოველმხრივ დაუჭერს მხარს.

პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა განათლების რეფორმაზეც. გახარიას ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება საშუალო და პროფესიული განათლების რეფორმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, უმნიშვნელოვანესია სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების გაგრძელება ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის გაძლიერების თვალსაზრისით: „ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ ჩვენ არ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა“. გახარიას თქმით, 2020 წელს პრიორიტეტად რჩება ადამიანის უფლებების დაცვა და გააქტიურდება უფლებების საბჭოს და სამდივნოს მუშაობა.

პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა სოციალური დაცვის სისტემაზეც: „სანამ ჩვენი ეკონომიკური განვითარება არ მიაღწევს აუცილებელ დონეს, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს საზოგადოების განსაკუთრებით დაუცველ ფენებზე. სწორედ ამიტომ, 2020 წლის ბიუჯეტი ერთმნიშვნელოვნად არის მორგებული ჩვენს მოქალაქეზე. ამ ბიუჯეტის მიხედვით, ყველა პენსიონერს, ასევე, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პენსია გაეზრდებათ ჯერ 20 ლარით. 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ დამატებით 30 ლარით, მთაში მცხოვრებ პენსიონერებს, რომლებმაც მიაღწიეს 70 წელს, თვიური პენსია დაახლოებით 300 ლარი ექნებათ. სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი გაიზრდება წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ლარით“.

გიორგი გახარიას თქმით, 2020 წელს ხელფასი გაზრდებათ საბავშვო ბაღის მასწავლებლებს, სასწრაფო დახმარების და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებსა და კულტურის მუშაკებს.

პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა 2019 წელს საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში მაღალ პოლარიზაციაზეც. გახარიას განცხადებით, ხელისუფლება არის ერთიანი ჯაჭვი, როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის: „რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვანაირად გვაქვს გადანაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ყველამ ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას“.

გიორგი გახარიამ საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა მთავრობის მოქმედ და ყოფილ წევრებს, მათ შორის, წინა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და ყველა მათგანს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

XS
SM
MD
LG