Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საავიაციო უშიშროების საფასური იზრდება


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

1 თებერვლიდან საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საჰაერო ხომალდებისა და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულება იზრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საავიაციო უშიშროების ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერში მიიღო და ავიაკომპანიების წარმომადგენლებს სპეციალურ შეხვედრაზე გააცნო.

გაერთიანების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიმართულებით ფასები 2007 წლის შემდეგ პირველად იზრდება. ტარიფების მატების მიზეზად გაერთიანება ასახელებს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნების ყოველწლიურად გამკაცრებას.

„იმისთვის, რომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ამ მიმართულებით პასუხობდეს ყველა არსებულ საერთაშორისო და ეროვნულ რეგულაციებს (ICAO, ECAC, ეროვნული შიდა რეგულაციები), საჭიროა საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით უფრო ეფექტიანი სამუშაოები განხორციელდეს, ვიდრე წინა წლებში იყო. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა დაკავშირებულია მასშტაბურ ფინანსურ ხარჯებთან. ამჟამად მოქმედი საავიაციო უშიშროების სერვისების ტარიფები ვერ პასუხობს არსებულ რეალობას და მოითხოვს კორექტირებას“, - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

საავიაციო უშიშროების საფასურის გაზრდის კონკრეტული მოცულობა არაოფიციალურად ცნობილი გახდა იმ ავიაკომპანიებისგან, რომლებიც ოპერირებენ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში. Avianews.ge-ის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო უშიშროების საფასური თითოეულ გატარებულ მგზავრზე 11,87 ლარის (3.7 ევრო) ნაცვლად 19,88 ლარი ( 6,2 ევრო) იქნება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო უშიშროების გადასახადი 1 დოლარით ძვირდება და 1 თებერვლიდან თითოეულ გატარებულ საერთაშორისო მგზავრზე 5.5 დოლარი, ანუ 15.76 ლარი, იქნება. ფასი 1 დოლარით გაიზრდება ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და საავიაციო უშიშროების საფასური 4 დოლარამდე, ანუ 11.46 ლარი, გახდება.

XS
SM
MD
LG