Accessibility links

სიკვდილამდე ნაცემი ბიჭის საქმით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ ინტერესდება


სიკვდილამდე ნაცემი ბიჭი - ოჯახის აზრით - მასზე მოძალადე სპეცრაზმელმა, შესაძლოა, აწამა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც ვალდებულია გამოიძიოს თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი შესაძლო წამება და არაადამიანური მოპყრობა, 24 წლის მურად წურწუმიას საქმით არ ინტერესდება.

2 იანვარს გვიან ღამით, ავტომობილის გარშემო დაწყებული კონფლიქტის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ, 24 წლის მურად წურწუმია სიკვდილამდე სცემა. სპეცრაზმელს და მის თანმხლებ კაცს პროკურატურა ბრალს დებს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებაში, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამის გამო, ბრალდებულებს ხუთიდან რვა წლამდე ციხე ემუქრება.

ფოფხაძე ბრალს აღიარებს. ზოგიერთი უფლებადამცველი კი ფიქრობს, რომ სპეცრაზმელმა, შესაძლოა, უფრო მძიმე დანაშაული - ადამიანის წამება - ჩაიდინა და ამისთვის ის უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს.

ექსპერტიზის დასკვნა - რომელიც მკაფიოს გახდის, მურად წურწუმიასთვის მიყენებული ზიანი უნდა ჩაითვალოს თუ არა წამებად, ან არაადამიანურ მოპყრობად - ჯერ არ არსებობს.

დაღუპულის ძმა კი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 24 წლის ბიჭი დაასახიჩრეს, ამოსთხარეს თვალი [გამოძიება თვალის ამოთხრას უარყოფს] და ძვლები დაუმტვრიეს. სიკვდილის პირას მყოფი მურად წურწუმია დაკავებულმა სპეცრაზმელმა - მისივე ადვოკატის თქმით - სასაფლაოზე უყურადღებოდ არ მიატოვა და სახლში წაიყვანა.

მურად წურწუმიას ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი დანაშაულში წამების ნიშნებს ხედავს. ის რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ წამებაა, როცა სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი დროულად არ გადაჰყავთ საავადმყოფოში, ფიზიკური დაზიანებები კი იწვევს ტკივილს საათების განმავლობაში.

“აქ არის, როგორც მინიმუმ, არასათანადო მოპყრობის ნიშნები. შესაძლოა იყოს წამების კვალიფიკაციაც”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანა ნაცვლიშვილი, იურისტი და პოლიტიკოსი და განაგრძობს: “ამიტომ ამ საქმეს სახელმწიფო ინსპექტორი უნდა იძიებდეს.”

შესაძლო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოძიება - როცა ბრალდებული სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ევალება.

თუ ამას კანონი ადგენს, რატომ არ ინტერესდება საქმის გამოძიებით ინსპექტორი?

ინსპექტორის ოფისში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მურად წურწუმიას საქმეზე პროკურატურა გამოძიებას სხვა მუხლებით აწარმოებს, რაც მათ კომპეტენციას სცდება:

“შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს პარალელური გამოძიება პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეზე,” ასევე ინსპექტორის ოფისში ამბობენ, რომ მათთვის საქმის გადაცემა მხოლოდ გენერალურ პროკურატურას შეუძლია.

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ განმარტავს, რომ თუ კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეს, რომლის გამოძიებაც ინსპექტორის ევალება, მას აქვს უფლება მოითხოვოს საქმის მასალების გაცნობა და ზედამხედველ პროკურორს მიმართოს საქმის გადაცემის შესახებ.

ადამიანის უფლებათა ცენტრში ელოდნენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაინტერესდებოდა სპეცრაზმელის მიერ მოკლული ბიჭის საქმით და ის წარმართავდა გამოძიებას.

“წლებია ვსაუბრობთ, რომ პროკურატურა არასდროს იძიებდა ობიექტურად მსგავსი სახის დანაშაულებს და ყოველთვის იყო მიკერძოებული”, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

“თუ პროკურატურა არასწორად აკვალიფიცირებს საქმეს, ინსპექტორი მიჰყვება ასე ცხვარივით? ვერ ხვდებიან, რომ სხვა კვალიფიკაციით არის საქმე წასაყვანი?” - ამბობს ანა ნაცვლიშვილი და განაგრძობს: “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ფაქტიურად თავი გაიუქმა როცა თქვა, რომ დამოუკიდებლად კი არ შეაფასებს ამა თუ იმ საქმეს, პროკურატურას დაელოდება - იმ უწყებას, რომლის არაეფექტური მუშაობის გამოც შეიქმნა ინსპექტორი.”

გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დაღუპული და ნაცემი ძმების, მურად წურწუმიასა და მუხრან ჩხვირკიას საქმეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG