Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ანონიმი წყაროები: აშშ-მა წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა ყასემ სოლეიმანის მოადგილეზე


აბდულ რეზა შაჰლაი (ფოტო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მასალებიდან).
აბდულ რეზა შაჰლაი (ფოტო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მასალებიდან).

აშშ-მა წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაურის მოადგილეზე, აბდულ რეზა შაჰლაიზე. ამის შესახებ გაზეთები New York Times-ი და The Washington Post-ი და ტელეარხი ABC იტყობინებიან აშშ-ის ხელისუფლების ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

შაჰლაი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმის, „ყუდსის ძალების“ მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მოადგილე იყო. სოლეიმანი 3 იანვარს მოკლა პენტაგონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით.

შაჰლაი პასუხისმგებელია „ყუდსის ძალების“ დაფინანსებისა და მისი საკვანძო მნიშვნელობის სამხედრო ოპერაციებისთვის. დეკემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა 15 მილიონი დოლარი ჯილდო დააწესა შაჰლაის კავშირების, აქტივებისა და გარემოცვის შესახებ ინფორმაციისთვის.

წყაროების თანახმად, შაჰლაიზე თავდასხმა იემენში მოხდა იმავე ღამეს, როცა სოლეიმანი მოკლეს. იემენში შაჰლაი დახმარებას უწევდა ირანის მხარდაჭერით მოქმედ შიიტ მეამბოხეებს, რომლებიც ქვეყნის ოფიციალური ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან. შემოდგომაზე სწორედ შაჰლაის ხელმძღვანელობით დაესხნენ მეამბოხე ჰუთიტები თავს მსოფლიოში უდიდესი ნავთობკომპანიის, Saudi Aramco-ს ქარხნებს, იტყობინება ABC News-ი. თეთრი სახლის თანახმად, ასევე შაჰლაის მიერ იყო ორგანიზებული აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩზე თავდასხმა, რომელიც 2011 წელს განხორციელდა ვაშინგტონში.

პენტაგონს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი შაჰლაის მკვლელობის მცდელობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG