Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ჩხარტიშვილი: პოლიტიკურად ვიდევნები ივანიშვილის ბრძანებით


„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ბრძანების საფუძველზე იდევნება პოლიტიკურად და ამას, მისი სიტყვებით, ადასტურებს მისი დაკავების ბოლო ფაქტი და „რეკორდული ჯარიმაც“.

„ამ ეტაპზე ბოლო, უკანასკნელ თვეში უკვე მეორე და საერთო ჯამში ჩემი პოლიტიკური ნიშნით მე-13 დაკავებასთან დაკავშირებულმა გარემოებებმა საბოლოოდ დაადასტურა ჩემს მიმართ პერსონალური პოლიტიკური დევნის წარმოება, რომლის ბრძანებაც ბიძინა ივანიშვილის მიერაა გაცემული და რომელთან კახი კალაძესაც აქვს კავშირი. აღნიშნულს მრავალი ფაქტი ადასტურებს, მათ შორის: სულ 1 თვის ვადაში უკვე მეორედ გავხდი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების მსხვერპლი, ამჯერად სხვის აქციაზე დასწრების, სატელევიზიო ჩართვაზე ყოფნის გამო, თანაც აქციის დასრულების შემდეგ დამაკავეს. ამასთანავე, მთელი აქციის განმავლობაში ჩემზე ზეწოლასა და პროვოცირებას ცდილობდა საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი ვინმე გოგა მემანიშვილი, რომელმაც მათ შორის ფიზიკური თავდასხმა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და უკანონო დაკავება განახორციელა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სრულიად აბსურდული ბრალდებაც, რომლის გამოც მოსამართლედ წოდებულმა, ვინმე ნინო თარაშვილმა 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა დამაკისრა, რაც საბავშვო „ატრაქციონზე შეჭრის მცდელობაში“ გამოიხატა“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა 12 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ატრაქციონის საქმეში არაერთი დარღვევა გამოიკვეთა. მათ შორის, მის ადვოკატთან დაკავშირების უფლების შელახვა და მტკიცებულებათა გაყალბება-განადგურება.

„ერთ-ერთ ამგვარ ფაქტს ადასტურებს თავად შსს მიერ წარმოდგენილი, ერთადერთი სამხრე კამერის ჩანაწერი, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ თიშავს ინსპექტორი ლ. ყაველაშვილი სამხრე კამერას სწორედ მაშინ, როცა ჩემზე ზეწოლას იწყებს მისი ხელმძღვანელი გოგა მემანიშვილი“, - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი პოლიციამ 3 იანვარს დააკავა პარლამენტის წინ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისათვის, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მოძრაობა „შეცვალე“ და ლაშა ჩხარტიშვილი სოლიდარობას უცხადებდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და, ასევე, იმ გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს.

სასამართლომ ის 3000 ლარით დააჯარიმა.

XS
SM
MD
LG