რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარმა რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა.
ხაჯიმბა მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ყველაფერი გააკეთა საზოგადოებაში დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას მშვიდობის და „ქვეყნის განვითარებისთვის“.
ხაჯიმბას შეფასებით, ბოლო დღეებში სიტუაცია გამწვავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული დავის გამო: „ვიყავი და ვრჩები იმის მომხრედ, რომ არჩევნები და სხვა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის და კანონების შესაბამისად. სხვა გზა დამღუპველია აფხაზეთის ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის“.
რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს - „სახალხო კრებას“, 12 იანვარს, გვიან საღამოს მიმართა განცხადებით „პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ.
ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.
ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.
ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.
დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან. ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.